Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვზე ბოლო რამდენიმე საათში დრონებით მეორე შეტევა იყო, დარტყმა იყო ზაპოროჟიეზეც


7 ივლისს ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარმა მოიცვა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართული.
7 ივლისს ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარმა მოიცვა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართული.

რუსეთის ჯარებმა დღეს დილიდან უპილოტო საფრენი აპარატებით მეორედ მიიტანეს შეტევა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღის 12 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, დაშავდა 11 ადამიანი.

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ცნობით, ერთ-ერთი დრონი ორსართულიან სახლს მოხვდა. დაზიანებულია სხვა შენობებიც.

რამდენიმე საათით ადრე, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხარკოვში დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ხანძარმა მოიცვა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართული.

დილით დრონებით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზეც, სადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

განახლება: უკრაინის სახმელეთო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ხარკოვში დრონებით დარტყმა იყო „კომპლექტაციისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის“ შენობაზე, ხოლო ზაპოროჟიეში ამავე ცენტრის მახლობლად. ხარკოვში დაიჭრა სამი სამხედრო, ხოლო ზაპოროჟიეში - ერთი. უკრაინაში მსგავსი ცენტრების მოვალეობაა სამხედრო მოსამსახურეთა რეგისტრაცია და მობილიზაცია.

განახლება: დღის პირველი საათისთვის ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონებით დილით განხორციელებული თავდასხმისას 16 ადამიანი დაშავდა, ორი შეტევის შედეგად კი - 43.

ქალაქ ხარკოვზე განმეორებით შეტევამდე, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 4 მართვადი საზენიტო რაკეტა და 101 დამრტყმელი დრონი, რომელთაგან ქვეყნის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში მოიგერიეს 75 დრონი.

სარდლობამ დაადასტურა, რომ დარტყმა იყო 10 ადგილზე, კიდევ 7 ადგილზე კი მოგერიებული დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ოდესაში და ერთი - ხერსონის ოლქში. უპილოტო საფრენი აპარატებით და არტილერიით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზე, სადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა და სახლები დაზიანდა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG