კენიაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პოლიციის სამსახურმა გაავრცელა.
კენიის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციას, პოლიციის სისასტიკეს და მთავრობის კრიტიკოსების გატაცებას აპროტესტებენ.
აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა სისხლიანი საპროტესტო აქციების ტალღამ გასულ წელს მოიცვა, როდესაც მთავრობამ გადასახადების გაზრდა გადაწყვიტა ცხოვრების ხარჯების კრიზისის ფონზე. შემდეგ, გასული წლის ივნისში, მთავრობამ საგადასახადო კანონპროექტი გააუქმა, თუმცა პროტესტი გაგრძელდა მას შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დაკავებული მასწავლებელი საკანში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და პოლიციამ ქუჩაში მოკლა უიარაღო ქუჩის მოვაჭრე.
გასულ თვეში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. 2024 წელს გადასახადების გაზრდის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს კიდევ ათობით ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი