მოსამართლე, მხარეები, ბრალდებულები და დამსწრეები უკვე დარბაზში არიან. სხდომა გაიხსნა.
რეზო კიკნაძე სხდომაზე ისევ არაა. ის გაძევებულია და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი უკან არ აბრუნებს. დღეს სასამართლოში აღარც რეზო კიკნაძის დედა მოვიდა.
სერგეი კუხარჩუკის ადვოკატები ამბობენ, რომ წინა სხდომებზეთარჯიმანმა ბრალდებულს განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა. ბექა ხოხობაშვილის თქმით, მან უთხრა კუხარჩუკს, რომ „ახლა ამის დრო არ იყო“.
ადვოკატის თქმით, თარჯიმანი არ უნდა ერეოდეს დაცვის სტრატეგიაში და ბრალდებულის უფლებაში გააკეთოს განცხადება.
ნინო გალუსტაშვილმა თარჯიმანი დაიცვა და ადვოკატს მიმართა, „თქვენ შეგეძლოთ დაგეტარებინათ კომუნიკაცია მასთან და მისი უფლებების დაცვა უზრუნველგეყოთ, თარჯიმანს ნუ აბრალებთო“.
დღევანდელ სხდომაზე სხვა თარჯიმანია.
უკრაინის მოქალაქე სერგეი კუხარჩუკმა მიმდინარე საქმის განმავლობაში პირველად გააკეთა განცხადება.
„პირველად ვხედავ, პატიოსანი და უდანაშაულო ხალხი ისხდნენ ბრალდებულის სკამებზე, ჩემი მისამართით ბრალდება არის უსაფუძვლო. დაკავებულები ვართ და ჩვენს მიმართ გამოყენებულია არასამართლიანი ბრალდება, მტკიცებულეები რომლებიც ფიზიკურად არ არსებობს. აღშფოთებული ვარ პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების. ჩემი აზრით, სასამართლოში სიცრუეა და არ არის სამართლიანი სასამართლო, გაუმარჯოს საქართველოს, დიდება უკრაინას".
მისი სიტყვა თარგმნა თარჯიმანმა - რ.თ.
ფორუმი