Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს


დიმიტრი ბიძინაშვილი
დიმიტრი ბიძინაშვილი

"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი ბექა კვინიკაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას წვრილმან ხულიგნობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) ედავებიან.

ადვოკატის თქმით, ბიძინაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც 4 საათის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში მანდატურებს ჰყავდათ ჩაკეტილი. ბექა კვინიკაძისთვის ჯერჯერობით უცნობია, წინასწარი დაკავების რომელ იზოლატორში მოათავსებენ მისი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც კი გაიგებს, მოინახულებს.

რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაწერა, რომ "დაახლოებით 3 საათია უკანონოდ აქვს თავისუფლება აღკვეთილი".

მანამდე ბიძინაშვილი "ტვ პირველთან" სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში, სადაც მას შემდეგ შეიყვანეს, რაც მანდატურთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა.

“საბა სხვიტარიძის (პროდასავლურ აქციებზე დაკავებული აქტივისტის რედ.) პროცესზე ვიყავი მოსული. რომ მოვედი, ყველა დარბაზში იყო, ადგილი აღარ იყო.

სამი მოწმე იყო გამოსაკითხი, ისინი ისხდნენ მარტო და მე. მეთქი, ფანჯრიდან მაინც შევიხედავ და დავინახავ-მეთქი და რომ მივდიოდი, მანდატურმა, ძალიან ისე ... “არ შეხვიდე, ბიჭო და გადი გარეთ და რაღაცები” და მაგაზე მეც ვუთხარი, იმანაც მითხრა, ავყევით. მერე მითხრა, გამოდი გარეთო. გარეთ რომ გამოვედი, ვთქვი, ამ უსამართლობის დედას შე***-მეთქი და ასე დამაკავეს. აღმოვჩნდი ოთახში, მაგრამ ჯერ არ მეუბნებიან, დაკავებული ვარ თუ არ ვარ, მაგრამ, სავარაუდოდ, დაკავებული ვარ. საპატრულო პოლიცია შეავსებს ახლა ოქმს და გადამიყვანენ იზოლატორში", - უთხრა დიმიტრი ბიძინაშვილმა "ტვ პირველს".

ფეიბუკის პოსტში კი იგი წერდა: "დაახლოებით 3 საათია უკანონოდ მაქვს თავისუფლება აღკვეთილი, კითხვაზე დაკავებული ვარ თუ არა მპასუხობენ რომ არა, ანუ მიდასტურებენ რომ უკანონოდ ვიმყოფები ახლა აქ. არ დაგავიწყდეთ ეს ხდება “სასამართლოში” ამ უსამართლობის დედას შე;:@₾ი ! (ამსიტყვებისთვის შემომიყვანეს აქ)საბოლოოდ ალბათ მაინც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანენ, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის “გასაპრავებლად.”

მანდატურს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვს, აღკვეთოს სამართალდარღვევა სასამართლოში და ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და აუცილებლობის შემთხვევაში, დააკავოს ადამიანი, პოლიციისათვის გადაცემის მიზნით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG