Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ცდილობენ ხოჭოების შემოსევისგან გადაარჩინონ უძველეს ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები


თაროებზე ხელახლა განთავსებამდე, თითოეული წიგნი ინდივიდუალურად შემოწმდება და მტვერსასრუტით გაიწმინდება.
თაროებზე ხელახლა განთავსებამდე, თითოეული წიგნი ინდივიდუალურად შემოწმდება და მტვერსასრუტით გაიწმინდება.

უნგრეთში შუა საუკუნეების სააბატოდან ათიათასობით ასწლოვანი წიგნი გამოიტანეს, რათა ისინი ხოჭოების შემოსევისგან გადაარჩინონ.

1000 წლის პანონჰალმას ბენედიქტელთა მონასტერი უნგრეთის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო ცენტრი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

რესტავრატორებს უწევთ თაროებიდან დაახლოებით 100 000 ხელით აკინძული წიგნის გადმოღება, ფრთხილად ყუთებში მოთავსება, რაც დეზინფექციის პროცესის დასაწყისია, რომლის მიზანია წიგნებში შესული ხოჭოების განადგურება.

პურის ხოჭო, ხშირად გვხვდება გამომშრალ საკვებ პროდუქტებს შორის, როგორიცაა მარცვლეული, ფქვილი და სანელებლები. თუმცა, მათ ასევე იზიდავთ წიგნებში ნაპოვნი ჟელატინი და სახამებლის შემცველი წებოვანი ნივთიერებები.

უნგრეთში ისინი ბიბლიოთეკის იმ ნაწილში აღმოაჩინეს, სადაც სააბატოში არსებული 400 000 ტომის დაახლოებით მეოთხედი ინახება.

„ჩვენ აქამდე არასდროს შეგვხვედრია ინფექციის ასეთი ხარისხი“, - თქვა პროექტის მთავარმა რესტავრატორმა ზოფია ედიტ ჰაიდუმ.

ხოჭოების შემოსევა პირველად ბიბლიოთეკის რუტინული დასუფთავების დროს აღმოაჩინეს. თანამშრომლებმა თაროებზე მტვრის უჩვეულო ფენები შენიშნეს და შემდეგ დაინახეს, რომ ზოგიერთ წიგნს ფორზაცზე ნახვრეტები ჰქონდა. წიგნების გადაფურცვლის შემდეგ დაადგინეს ეს ხოჭოების მიერ გამოხრული ადგილები იყო.

უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთით, მაღალ ბორცვზე მდებარე სააბატო ინახავს ქვეყნის უძველეს წიგნების კოლექციას, ასევე უძველეს და უმნიშვნელოვანეს ხელნაწერებს.

1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სააბატო უნგრეთისა და მთელი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რელიგიური და კულტურული ადგილია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გადაიტანა ომები და უცხოური შემოსევები.

ბიბლიოთეკის ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა 19 ხელნაწერი წიგნი, მათ შორის მე-13 საუკუნის სრული ბიბლია. იქ ასევე ინახება რამდენიმე ასეული ხელნაწერი, რომლებიც მე-15 საუკუნის შუა ხანებში საბეჭდი მანქანის გამოგონებამდეა შექმნილი და მე-16 საუკუნის ათიათასობით წიგნი.

წიგნებს კვირების განმავლობაში უჟანგბადო სივრცეში მოათავსებენ. სუფთა აზოტის გარემოში ექვსი კვირის შემდეგ, სააბატო იმედოვნებს, რომ ყველა ხოჭო განადგურდება.

თაროებზე ხელახლა განთავსებამდე, თითოეული წიგნი ინდივიდუალურად შემოწმდება და მტვერსასრუტით გაიწმინდება. მავნებლების მიერ დაზიანებული ნებისმიერი წიგნი შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის გადაიდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG