Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში აიკრძალა კომუნისტური იდეების პროპაგანდა


ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს კომუნისტური იდეების პროპაგანდას. Euractiv-ის ცნობით, ახლა ასეთი იდეოლოგიის მხარდაჭერა ისჯება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ახალი ნორმა ვრცელდება ყველაზე, ვინც ქმნის, უჭერს მხარს ან ხელს უწყობს მოძრაობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ჩახშობას ან რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი სიძულვილის გაღვივებას. კომუნიზმი ოფიციალურად შევიდა ამ სიაში.

მსგავსი აკრძალვა მოქმედებს ჩეხეთის რესპუბლიკაში ნაცისტური პროპაგანდის მიმართ.

კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიციატორები იყვნენ ჩეხი მეცნიერები, მათ შორის ტოტალიტარული რეჟიმების შესწავლის ინსტიტუტი. მათი აზრით, ჩეხეთს დიდი ხნის წინ უნდა აღმოეფხვრა სამართლებრივი უთანასწორობა ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან დაკავშირებით.

ჩეხეთისა და მორავიის კომუნისტურმა პარტიამ (KPCHM), რომელსაც ევროპარლამენტის წევრი კატერჟინა კონეპენია ხელმძღვანელობს, მკაცრად დაგმო ხელისუფლების გადაწყვეტილება.

„ეს არის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა ოპოზიციის დაშინებისა და კანონის მიღმა ჩვენი გამოცხადებისა“, - განაცხადა პარტიამ.

KPCM ჩეხეთის პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, თუმცა ის არის ნაწილი ალიანსისა სახელწოდებით: „საკმარისია“ (Stačilo!). მას ბოლო გამოკითხვების თანახმად, ოქტომბრის არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა შეუძლია.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორ იმოქმედებს ახალი კანონი ჩეხეთის კომუნისტური პარტიის საქმიანობაზე.

ჩეხ კომუნისტებს სოციალისტური სისტემის დამხობის შემდეგ ყოველთვის ჰყავდათ რამდენიმე ათეული დეპუტატი ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში და ადგილობრივ საბჭოებში. 2021 წლის არჩევნებში მათ ისტორიული მარცხი განიცადეს და პარლამენტს გარეთ დარჩნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG