Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ UNESCO-ს ტოვებს - სახელმწიფო დეპარტამენტი


ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დროშები UNESCO-ს შენობასთან პარიზში
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დროშები UNESCO-ს შენობასთან პარიზში

აშშ-მა 22 ივლისს გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, დატოვოს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO და განმარტა, რომ ორგანიზაციაში შემდგომი მონაწილეობა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

„იუნესკო მუშაობს სოციალური და კულტურული საკითხების წინ წასაწევად და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ, იდეოლოგიურ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს საგარეო პოლიტიკას - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრიუსმა.

გადაწყვეტილება, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეორე მცდელობაა ორგანიზაციიდან გასვლისა, გაისად, 31 დეკემბერს შევა ძალაში.

ტრამპმა გაიმეორა ნაბიჯი, რომელიც მან უკვე გადადგა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს და რომელიც ჯო ბაიდენის დროს გაუქმდა.

იუნესკოს ხელმძღვანელმა, ოდრი აზულემ, განაცხადა, რომ ღრმად ნანობს ტრამპის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს „მოსალოდნელი იყო და იუნესკო ამისთვის მომზადებულია“.

UNESCO-ს შტაბ-ბინა პარიზშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა X-ზე დაწერა: „ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, მეცნიერების, ოკეანის, განათლების, კულტურისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალურ დამცველს“.

აშშ-ის გადაწყვეტილებას UNESCO-დან გასვლის შესახებ ისრაელი მიესალმა.

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გასვლის ერთ-ერთი მიზეზი იუნესკოს გადაწყვეტილება იყო პალესტინის წევრ სახელმწიფოდ მიღების შესახებ, რაც „ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პოლიტიკას და ხელს უწყობდა ორგანიზაციაში ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას“.

UNESCO-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სააგენტოს ყველა შესაბამისი განცხადება შეთანხმებული იყო როგორც ისრაელთან, ასევე პალესტინელებთან ბოლო რვა წლის განმავლობაში.

აშშ თავდაპირველად იუნესკოს შეუერთდა მისი დაარსებისთანავე, 1945 წელს. ვაშინგტონმა პირველად დატოვა ორგანიზაცია 1984 წელს, ხოლო დაუბრუნდა მას 2003 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტომ საჭირო რეფორმები გაატარა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG