Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი: პოლონეთში დააკავეს საბოტაჟსა და დივერსიაში ეჭვმიტანილი 32 პირი


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ბრიუსელში პრესკონფერენციაზე. 26 ივლისი, 2025 წელი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ბრიუსელში პრესკონფერენციაზე. 26 ივლისი, 2025 წელი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, 29 ივლისს განაცხადა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა 32 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე დივერსიული მოქმედებების ორგანიზების მიზნით.

ამის შესახებ იტყობინება AP-ი პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო PAP-ზე დაყრდნობით.

ტუსკის თქმით, დანაშაულებრივ ჯგუფში იყვნენ პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის და კოლუმბიის მოქალაქეები. პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ცნობით, დანაშაულები ჩადენილი ან მომზადებული იყო რუსული დაზვერვის თანამშრომლების მითითებით. დაკავებულთაგან ერთ-ერთი უკვე გასამართლებულია, დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობაში არიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან.

ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, კოლუმბიის 27 წლის მოქალაქეს, ბრალი წაუყენეს 2024 წლის მაისში ორი სამშენებლო საწყობის დაწვაში. ABW-ს ცნობით, მან მითითებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული პირისგან მიიღო, მათ შორის, მითითებები "მოლოტოვის კოქტეილების" დამზადებისა და გამოყენების შესახებ

თუ ის დამნაშავედ ცნეს, პოლონეთში მას 10 წლით ან მეტით თავისუფლების აღკვეთა, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ჩეხეთში ამ პირს 2025 წლის ივნისში უკვე მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა პრაღაში ავტობუსების დეპოსთვის ცეცხლის წაკიდებისა და სავაჭრო ცენტრისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის.

ეჭვმიტანილების ვინაობისა და მათ მიერ ჩადენილი ან დაგეგმილი დივერსიის ხასიათის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის არ გაუვრცელებიათ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG