ინფორმაცია ერდოანის ვიზიტის შესახებ თურქულმა გამოცემა Turkiye Gazetesi-მ ჯელალზე დაყრდნობით 4 აგვისტოს გაავრცელა. გამოცემამ ერდოანსა და ზელენსკის შორის კიევში დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარ თემებად დაასახელა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია და თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასასრულებლად.
დღეს, 5 აგვისტოს გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გამოაქვეყნა ანკარაში უკრაინის ელჩის, ნარიმან ჯელალის კომენტარი, რომ თურქული გამოცემის მიერ მასზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ელჩის თანახმად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებისას თურქულ გამოცემას არ მიუთითებია, სად განაცხადა კიევში ერდოანის ვიზიტის შესახებ და არც ციტატა მოუყვანია.
ჯელალის თქმით, პირადად ის და მთელი საელჩო მუშაობენ უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტზე და უკრაინის პრეზიდენტის მიწვევა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამჯერად 4 აგვისტოს, თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას. თუმცა, ელჩის თანახმად, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანში ეს ვიზიტი შესაძლებელია.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2023, 2024 და 2025 წლებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ერდოანთან მოლაპარაკებები თურქეთში გამართა.
ერდოანი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთანაც.
2025 წლის მაის-ივლისში უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართეს მოლაპარაკებების სამი რაუნდი. შედეგი ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმება იყო.
ფორუმი