Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილორად დოდიკს ჩამოართვეს რესპუბლიკა სპრსკას პრეზიდენტის მანდატი


მილორად დოდიკმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ არაფერს ნიშნავს
მილორად დოდიკმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ არაფერს ნიშნავს

ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილორად დოდიკს ჩამოართვა ქვეყნის შემადგენლობაში არსებული წარმონაქმნის, რესპუბლიკა სპრსკას პრეზიდენტის მანდატი.

საარჩევნო კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება სარაევოში დღეს, 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს სააპელაციო სასამართლოს მიერ 1 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სააპელაციომ ძალაში დატოვა სარაევოს სასამართლოს მიერ თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დოდიკს დაუსწრებლად მიესაჯა ერთი წლით პატიმრობა და ექვსი წლით აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.

ბოსნიელი სერბების მეთაურს, მილორად დოდიკს, რომელიც რესპუბლიკა სპრსკას დამოუკიდებლობას მოითხოვს, ბრალს სდებენ ბოსნია და ჰერცეგოვინის კონსტიტუციური წყობის ხელყოფაში.

დოდიკის სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, რესპუბლიკა სპრსკა არ შეასრულებს ბოსნია და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარე მმართველად დანიშნული უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მილორად დოდიკისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებ, ძალაში შევა გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. რესპუბლიკა სპრსკაში პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

თავად დოდიკმა ჯერ კიდევ 1 აგვისტოს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რესპუბლიკა სპრსკას დედაქალაქ ბანია-ლუკაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მხრიდან იგნორირებულია და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. დოდიკის თქმით, დახმარებისთვის რუსეთს მიმართავს და წერილს გაუგზავნის აშშ-ის ადმინისტრაციასაც.





ფორუმი

XS
SM
MD
LG