საუბარი ორსაათ-ნახევარზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსკოვისადმი წაყენებულ ულტიმატუმს ეხებოდა.
ტრამპი მოითხოვს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 8 აგვისტომდე დადოს. ამ კვირაში იწურება ვადა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს მისცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების გადაწყვეტილების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახალი სანქციების ამოქმედებას აპირებს.
შეხვედრამდე, Financial Times-ის ადმინისტრაციასთან დაახლოვებულმა წყარომ უთხრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „გაბრაზდებოდა“, თუ უიტკოფის ვიზიტი შედეგს არ გამოიღებდა.
პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა მოსკოვში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მეხუთე, და შესაძლოა ყველაზე ხანმოკლე იყო.
თეთრმა სახლმა კრემლში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოსკოვი „მოუთმენლად ელის შეერთებულ შტატებთან დიალოგის გაგრძელებას“.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ამერიკული სანქციები პარასკევს გამოცხადდება.
Reuters-ს მოჰყავს ტრამპის სიტყვები, რომ სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან "ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გამართა".
ტრამპმა თავის ონლაინ პლატფორმაზე, Truth Social-ზე, განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია. მან შეხვედრის შედეგები რამდენიმე ევროპელ მოკავშირეს აცნობა. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ჩვენ ამისკენ მომდევნო დღეებსა და კვირებში ვიმუშავებთ, წერს ტრამპი.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რწმენა გამოთქვა, რომ მოსკოვზე
ზეწოლა მუშაობს და ჩანს, რომ რუსეთი ახლა უფრო მეტად იხრება ცეცხლის შეწყვეტისკენ.
სოციალურ ქსელ X-ში გავრცელდა მხოლოდ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის მცირე განცხადება. დმიტრიევი, რომელიც უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა, მოლაპარაკებების შემდეგ X-ში წერს: „დიალოგი [ქვეყნებს შორის] გაიმარჯვებს".
პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა არხ „ზვეზდის“ ეთერში პუტინი-უიტკოფის საუბარს „ძალიან სასარგებლო და კონსტრუქციული“ უწოდა. მისი თქმით, განიხილეს „უკრაინის კრიზისი“ და „შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლო განვითარების პერსპექტივები“. „ჩვენი მხრიდან, კერძოდ, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები გადავეცით“, - თქვა უშაკოვმა. „შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც მივიღეთ“, - აღნიშნა მან.
ფორუმი