Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზის გადაკეტვის საბაბით აფგან სადიგოვს მეორედ შეუფარდეს პატიმრობა


აფგან სადიგოვი
აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით უკვე მეორედ შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში 7 დღეს გაატარებს - მისი სასამართლო სხდომა დღეს, 12 ნოემბერს, გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ედავებოდა გზის გადაკეტვას 19, 20 და 21 ოქტომბერს.

გზის გადაკეტვის საბაბით სადიგოვს ერთხელ უკვე შეუფარდეს 14-დღიანი პატიმრობა - მას ედავებოდნენ 18 ოქტომბრის ეპიზოდს. ამ საქმეზე გადაწყვეტილება 23 ოქტომბერს გამოცხადდა.

სადავო პარლამენტმა გზის ხელმეორედ გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახადა, თუმცა იმის გამო, რომ „გზის გადაკეტვის“ ყველა ეპიზოდი სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე მოხდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა.

ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარებისთვის;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის;
  • გზის გადაკეტვისთვის.

განმეორების შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის წესით აღიძვრება და ერთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG