თუ გსურთ გაიგოთ, ვინ არიან 4 ოქტომბრის საქმის მოსამართლეები, მათი განათლებისა და გახმაურებული საქმეების შესახებ, ნახეთ რადიო თავისუფლების სტატია.
განათლება
ირაკლი ხუსკივაძემ 2012 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2015 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
ქონებს დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს მისი ხელფასი ჯამში 94 271 ლარი იყო. მას აქვს სესხი თიბისი ბანკში. ბინის რემონტი 18 421 ლარი დაუჯდა, ავეჯის შეძენა 6 267 ლარი.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ბალტიის ქვეყნებმა დაასანქცირეს და თავიანთ საზღვრებში შესვლა აუკრძალეს.
35 წლის ირაკლი ხუსკივაძე 2011 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს. მოსამართლეობამდე ის გზა გაიარა, რასაც ამ სისტემაში უმრავლესობა გადის, ჯერ სხდომის მდივანი იყო, შემდეგ მოსამართლის თანაშემწე. 2023 წლიდან ის უვადოდაა დანიშნული მოსამართლედ.
გახმაურებული საქმეები
ირაკლი ხუსკივაძემ შეუფარდა პატიმრობა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ რვა დემონსტრანტს. ის არის მოსამართლე, რომელსაც ადვოკატებმა ეთიკის კომისიაში უჩივლეს. მიზეზი მესამე სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები გახდა, რა დროსაც სხდომის მიმდინარეობისას ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა.
ამ სასამართლოზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ეს სავალდებულო პროცედურაა, როცა პროკურატურა გამოძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.
11 იანვრის სხდომაზე რვა დაკავებულის პროცესის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის ჩასატარებლად შედარებით მომცრო - მესამე დარბაზი აირჩია.
ცოტა ელოდა, რომ მოსამართლე ხუსკივაძე ადვოკატების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, ერთი გარემოების გამო - ამავე მოსამართლემ იმსჯელა, ბრალდებულების იმავე შემადგენლობისთვის გასული წლის დეკემბერში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. სხდომა დასწრების მსურველთა რაოდენობის გამო სწორედ პირველ დარბაზში ჩაატარა.
ამჯერად მოლოდინი არ გამართლდა. მოსამართლემ თქვა, რომ ადვოკატებს არ ეზღუდებოდათ შესაძლებლობა დაცვის ქვეშ მყოფთან კონტაქტის, სხდომის საჯაროობას მედია უზრუნველყოფდა, დარბაზის შეცვლის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
ამის თქმიდან მალევე მანდატურებმა დარბაზში ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილისთვის მაგიდა შეიტანეს.
საბოლოოდ, დარბაზის შეცვლაზე დავა ადვოკატების ბოიკოტით დასრულდა. მათ სხდომა დატოვეს “ღირსების შემლახავი გარემოს” არგუმენტით. ადვოკატებმა მოსამართლეს ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს, სადაც ეწერა:
"ჩვენ არ ვამბობთ უარს დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე, გთხოვთ, სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას დარბაზში".
დაკავებულების ოჯახის წევრების მშობლებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი სასამართლოს დერეფანში გააგრძელეს.
ბოიკოტის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სასამართლო სხდომა გააგრძელა.
სასამართლოს აქვს უფლება, აღკვეთის ღონისძიების საკითხი ადვოკატების მონაწილეობის გარეშე გადასინჯოს, მაგრამ ამ საქმეზე, ამ უფლების შესრულებს რამდენიმე რამ უშლიდა ხელს - დაკავებული 8 ახალგაზრდიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველი იყო, ერთი კი ქართულად არ საუბრობდა.
ამის გამო, პროკურატურამ ხუთი დაკავებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა. სახაზინო ადვოკატს პროკურორები და მოსამართლე სამი საათი ელოდნენ. გიორგი მდინარაძეს მოუწია დაეცვა დაკავებულები ისე, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობდა. მან ბრალდებულებთან გასაუბრებაც მოითხოვა, თუმცა ისინი ბადრაგს უკვე წაყვანილი ჰყავდა.
განხილვა ნახევრად ცარიელ დარბაზში ერთი საათი გაგრძელდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლის გარეშე ადგილზე გამოაცხადა და რვა დაკავებული ისევ პატიმრობაში დატოვა.
იქამდე, სანამ სხდომა დაიწყება, გახსენებთ, რა ვიცით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეზე.
ფორუმი