4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეა. მხარეები და დამსწრეები უკვე სხდომათა დარბაზში არიან.
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე 65 ბრალდებული ხუთ ჯგუფად დაყო და თითო ჯგუფში 10-15 ადამიანი გააერთიანა.
იქამდე, სანამ სხდომა დაიწყება, გახსენებთ, რა ვიცით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეზე.
35 წლის ირაკლი ხუსკივაძე 2011 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს. მოსამართლეობამდე ის გზა გაიარა, რასაც ამ სისტემაში უმრავლესობა გადის, ჯერ სხდომის მდივანი იყო, შემდეგ მოსამართლის თანაშემწე. 2023 წლიდან ის უვადოდაა დანიშნული მოსამართლედ.
გახმაურებული საქმეები
ირაკლი ხუსკივაძემ შეუფარდა პატიმრობა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ რვა დემონსტრანტს. ის არის მოსამართლე, რომელსაც ადვოკატებმა ეთიკის კომისიაში უჩივლეს. მიზეზი მესამე სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები გახდა, რა დროსაც სხდომის მიმდინარეობისას ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა.
ამ სასამართლოზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ეს სავალდებულო პროცედურაა, როცა პროკურატურა გამოძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.
11 იანვრის სხდომაზე რვა დაკავებულის პროცესის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის ჩასატარებლად შედარებით მომცრო - მესამე დარბაზი აირჩია.
ცოტა ელოდა, რომ მოსამართლე ხუსკივაძე ადვოკატების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, ერთი გარემოების გამო - ამავე მოსამართლემ იმსჯელა, ბრალდებულების იმავე შემადგენლობისთვის გასული წლის დეკემბერში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. სხდომა დასწრების მსურველთა რაოდენობის გამო სწორედ პირველ დარბაზში ჩაატარა.
ამჯერად მოლოდინი არ გამართლდა. მოსამართლემ თქვა, რომ ადვოკატებს არ ეზღუდებოდათ შესაძლებლობა დაცვის ქვეშ მყოფთან კონტაქტის, სხდომის საჯაროობას მედია უზრუნველყოფდა, დარბაზის შეცვლის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
ამის თქმიდან მალევე მანდატურებმა დარბაზში ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილისთვის მაგიდა შეიტანეს.
საბოლოოდ, დარბაზის შეცვლაზე დავა ადვოკატების ბოიკოტით დასრულდა. მათ სხდომა დატოვეს “ღირსების შემლახავი გარემოს” არგუმენტით. ადვოკატებმა მოსამართლეს ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს, სადაც ეწერა:
"ჩვენ არ ვამბობთ უარს დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე, გთხოვთ, სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას დარბაზში".
დაკავებულების ოჯახის წევრების მშობლებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი სასამართლოს დერეფანში გააგრძელეს.
ბოიკოტის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სასამართლო სხდომა გააგრძელა.
სასამართლოს აქვს უფლება, აღკვეთის ღონისძიების საკითხი ადვოკატების მონაწილეობის გარეშე გადასინჯოს, მაგრამ ამ საქმეზე, ამ უფლების შესრულებს რამდენიმე რამ უშლიდა ხელს - დაკავებული 8 ახალგაზრდიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველი იყო, ერთი კი ქართულად არ საუბრობდა.
ამის გამო, პროკურატურამ ხუთი დაკავებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა. სახაზინო ადვოკატს პროკურორები და მოსამართლე სამი საათი ელოდნენ. გიორგი მდინარაძეს მოუწია დაეცვა დაკავებულები ისე, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობდა. მან ბრალდებულებთან გასაუბრებაც მოითხოვა, თუმცა ისინი ბადრაგს უკვე წაყვანილი ჰყავდა.
განხილვა ნახევრად ცარიელ დარბაზში ერთი საათი გაგრძელდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლის გარეშე ადგილზე გამოაცხადა და რვა დაკავებული ისევ პატიმრობაში დატოვა.
ფორუმი