Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი
ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი

ხაბეიშვილი - ზოდელავას საქმე - ლაივბლოგი

კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებები - ამ საქმეზე დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება. ბრალდებულები არიან: ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა.

15:59 18.12.2025

რას ამბობდა ლევან ხაბეიშვილი დაკავებამდე? - ერთ-ერთი ფრაგმენტი:

„მინდა, ყველა გდდ-ს თანამშრომელს ვუთხრა: თქვენ გაქვთ შანსი არა თუ თქვენს თანამოქალაქეებს დაუპირისპირდეთ, არამედ 200 000 დოლარი მიიღოთ ჯილდო, ამიტომ ამაზე იფიქრეთ, ეს ჯილდო რეალურია, ხელშესახებია და ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ თქვენს თანამოქალაქეებზე უკანონოდ იძალადოთ, თქვენ უბრალოდ ფარის დადება მოგიწევთ, ივარჯიშეთ ფარის დადებაში თქვენთვის ჩუმად და მიიღეთ ეს 200 000 დოლარი ჯილდო. გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ივანიშვილს რომ მუხლები ეკვეთება შიშისგან, ესეც ნათლად ჩანს”, - თქვა ხაბეიშვილმა.

16:05 18.12.2025

ადვოკატი დავით ჩომახიძე იმეორებს, რომ ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკოსია და მისი განცხადებები პოლიტიკური განცხადებებია, რისი უფლებაც მას აქვს.

„ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რადგან არ არის ძალადობრივი, პირიქით ეს არის პოლიტიკური პროცესი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება...“, - აცხადებს ადვოკატი.

ის ყურადღებას ამახვილებს ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ საქმიანობაზე და მის ინტერესსზე - „ესაუბრა და ემხილა კორუფცია“.

მას მიაჩნია, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც „ძალადობაზე ირიბად მაინც მიგვანიშნებდა“.

16:14 18.12.2025

„ლევან ხაბეიშვლი არის პოლიტიკოსი, მართალი ადამიანი და მას დანაშაული არ ჩაუდენია“, - ამბობს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე და იწყებს თავის შესავალ სიტყვას.

მას მიაჩნია, რომ საქმეში არ არის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დანაშაულს დაადასტურებდა.

„არავინაა ვალდებული დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ემყარება ბრალდების მხარეს.... დაუდასტურებელი ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ... ეს არის მოთხოვნა, რომ სასამართლომ კანონის, კონსტიტუციის ზუსტი სტანდარტით შეაფასოს, ამტკიცებს თუ არა ბრალდება ყველა დანაშაულებრივ ელემენტს.

ვინაიდან ბრალდება ეხება საჯარო განცხადებას, სიტყვას, კონსტიტუცია იცავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას და კრძალავს დევნას აზრის გამოხატვის გამო... სისხლის სამართალი არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური სიტყვის, პოლიტიკური სლოგანის დასჯის საშუალებად....სიტყვის გამო თვლის ბრალდება, რომ ლევან ხაბეიშვილმა დანაშაული ჩაიდინა“, - ამბობს ადვოკატი.

ის კითხულობს ბრალდების შინაარს და ამბობს, რომ აქ მნიშვნელოვანია სიტყვა „ძალადობით“.

„ლევან ხაბეიშვილს ჰქონდა პოლიტიკური სკოლაგები და არსად ყოფილა ძალადობისკენ მოწოდებები და ძალადობრივი სლოგანები...ჩვენ აქ უნდა ვიმსჯელოთ ძალადობაზე და ლევან ხაბეიშვილს ძალადობა არსად, არასდროს უხსენებია. ის ამბობდა „მშვიდობიანი დამხობა“, ეს ნიშნავს, რომ მის სიტყვაში და მის საქმეში ძალადობა არსად არაა.... ჩვენ გამოვიკვლევთ ვიდეოს, სადაც მოისმენთ, როგორ ხსნის ლევან ხაბეიშვილი თავის სიტყვას და აქ სისხლის სამართლის დანაშაულს ვერსად ნახავთ“, - აცხადებს ადვოკატი.

16:17 18.12.2025

ის მეორე ბრალზე გადადის, რაც ქრთამის მიცემის შეთავაზებას მოიაზრებს. მისი თქმით, ამ საქმეში არ არსებობს კონკრეტული პირი, არის პირთა განსაზღვრული წრე, ამასთან შეთავაზება საჯაროა.

„გდდ-ს თანამშრომლებს ეუბნებოდა არ შეუასრულოთ უკანონო დავალებაო...აქ არის ჯილდო მნიშვნელოვანი, რომელსაც მაშინ მიიღებთო, როცა კანონიერად მოიქცევითო, როდის მიიღებთო ჯილდოსო? - როცა ახალი არჩევნები ჩატარდება, ახალი ბიუჯეტი დამტკიცდებაო და ბიუჯეტიდან გადმოგეცემათ ჯილდო სახითო... ხშირია, როცა პოლიციელებს ბიუჯეტიდან ჯილდოს აძლევენ, როცა კანონიერ დავალებას შეასრულებენ..“, - აცხადებს ადვოკატი.



ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG