Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა


ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი სასამართლო სხდომის დაწყებამდე
ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი სასამართლო სხდომის დაწყებამდე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლუკა ნაგლიაშვილს 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

ლუკამ გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მეგობრებს ხელით ანიშნა. “ნახვამდის”, - დაიძახა სხდომის მდივანმა და გაიხურა კარი.

ლუკას დასაკავებლად, სხდომათა დარბაზში მანდატურის სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და ის ხელბორკილებდადებული გაიყვანეს.

“სხდომა დამთავრებულია, წარმატებები”, - თქვა მოსამართლე დავით მაკარიძემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ლუკა ნაგლიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოელოდა 5-დღიანი პატიმრობის შეფარდებას. მისი თქმით, "გამოსვლის დღესვე აქციაზე დადგება და სხვებს მხარდაჭერას გამოუცხადებს".

დღეს იმავე საქმეზე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სანდრო მეგრელიშვილს და 5-დღიანი დიმიტრი ჯამბურიას. სანდრო მეგრელიშვილი პირველი იყო, ვისაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

22 იანვარს, მსგავს საქმეზე აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

  • საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
  • მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
  • ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG