იანვრის საპროტესტო აქციების დროს ირანში ფერეიდნელი ქართველებიც დაიღუპნენ. რადიო თავისუფლებამ ისპაანის პროვინციაში მოკლული შვიდი ეთნიკური ქართველის შესახებ შეაგროვა ინფორმაცია. მათი ფოტოები, სამძიმრის ტექსტები სოციალურ ქსელებში იძებნება. ახლობლების უმეტესობა რადიო თავისუფლების წერილებს არ გამოხმაურებია.
„ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი შეუფასებელია. თითოეულმა მათგანმა იცოდა, სად მიდიოდა და რას აკეთებდა. მათი მსხვერპლი ამაო არ არის. ჩაერთო აშშ, ისრაელი და წააცალეს გველეშაპს თავი“, - უთხრა ფერეიდნის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას. ის მიესალმება ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, თუმცა უსაფრთხოების გამო სახელის და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს.
რადიო თავისუფლება ღია წყაროებით მოპოვებული მწირი ცნობებით, გიყვებათ იანვარში, სისხლში ჩახშობილი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს დაღუპული ფერეიდნელების შესახებ. მათგან ყველაზე ახალგაზრდა იყო 17 წლის ჯავადი.
ჯავად კაკაბაანი (ჰეიდარი) - 17 წლის
„მან თავი შესწირა სამშობლოს“, - წერენ სოციალურ ქსელში ჯავადზე.
„ჯავადო, სად წახვედი? სამყარო ჩემს სევდას ვეღარ იტევს. ძალიან გვენატრები, ძმაო. შენი ლამაზი სიცილი გვენატრება. დედა ისევ ელოდება, როდის შემოაღებ კარს. მამამ ვერ აიტანა შენი წასვლა, ძმა ამბობს, მარჯვენა მომკვეთესო. მე შენ გარეშე რა გავაკეთო?“ - წერს მისი ახლობელი.
იბრაჰიმ ონიკაშვილი (ასლანი) - 45 წლის
„თუნდაც ამოვიდეს მზე
მისი სხივები მაინც სისხლს აირეკლავს
სახელებს, დღემდე ყელზე რომ გვადგას ბოღმად“, - ასეთი სიტყვებით ემშვიდობებიან იბრაჰიმს ახლობლები. ჩანს, რომ მხოლოდ მას არ დასტირიან, არამედ საპროტესტო აქციებისას დაღუპულ ათასობით ადამიანს.
იბრაჰიმ (ისმაილ) ონიკაშვილი ქალაქ იაზდანშაჰრში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას ტყვია ესროლეს.
„იანვრის აჯანყების ამაყი მოწამე, მას ერთი გოგონა ჰყავდა. არც ვაპატიებთ და არც დავივიწყებთ“, - წერენ ინსტაგრამში მისი ფოტოს ქვეშ.
„ის საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა.
მისი სახელი ისპაჰანისა და ირანელი ხალხის მეხსიერებაში დარჩება.
მათი გზა თავისუფლებისკენ გაგრძელდება“.
მუჰამედ სეფიაშვილი (სეფიანი) - 28 წლის
მუჰამედ სეფიაშვილი კაფეს გახსნაზე ოცნებობდა. სექტემბერში გახსნა, ოთხ თვეში კი უკვე ცოცხალი აღარ იყო - საპროტესტო აქციაზე მოკლეს.
„იმ დაწყევლილ ღამეს, როცა დაგირეკეს და არ უპასუხე, დილამდე გეძებდნენ… მანამდე ყოველთვის პასუხობდი ზარებს. შენმა მეგობრებმა თქვეს, ალბათ უხმო რეჟიმზე გადაიყვანა ან კაფეში დაიძინაო. დილით ტელეფონი ჩაირთო და ვიღაცამ [ვინც უპასუხა] იკითხა, მისი რა ნათესავები ხართო. იმ წამსვე მივხვდით, რომ ქვეყანა თავზე ჩამოგვექცა“, - წერენ ახლობლები ინსტაგრამზე.
„ჩემო ლამაზო მუჰამად, ჩემო გმირო… რამდენს ვოცნებობდით შენს ქორწილზე, მაგრამ აღარ ხარ. როგორ გვენანება შენი ახალგაზრდობა, შენი შრომა, შენი ლამაზი სხეული, მიწა რომ დაეყარა. როგორ გვენანება, რომ მამა ვერ გახდი. შენ ამ სამყაროსთვის შენნაირი ადამიანები უნდა გეჩუქებინა“.
მასუდ იოსელიანი - 32 წლის
3004 - ეს რიცხვი ამოისვირინგა ხელზე გოგონამ, რომელიც მასუდს ძმას უწოდებს.
„ჩემი ძმის კოდია, რომ არასდროს დამავიწყდეს... არ მსურდა, ჩემი პირველი ტატუ შენს სიკვდილზე ყოფილიყო, ძმაო... მასუდ, ერთი თვეა სახლში არ ყოფილხარ. ერთი თვეა, შენი მთვარესავით სახე არ დამინახავს... იმ ღამეს მივედი იმ ადგილას, საიდანაც გაფრინდი და ყვავილი მოგიტანე, ჩემო ლამაზო“.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მასუდ იოსელიანი ნაჯაფაბადში (ქალაქი ისპაანთან) ქუჩაში მოკლეს. მას ტყვია ყელსა და მკერდში მოხვდა. ასევე ფეხში დაჭრეს მამამისიც, რომელიც ცდილობდა მიშველებოდა.
„მასუდი იყო უკიდეგანოდ კეთილი, თავაზიანი და ფაქიზი ადამიანი. ექვსი წლის წინ დედა დაკარგა. ახლა თვითონაც იმავე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვერ ვაპატიებთ და ვერც დავივიწყებთ“, - წერენ ინსტაგრამზე.
მასუდი სოფლის მეურნეობის ინჟინერიის მაგისტრი იყო. ისპაანის მწვანე განვითარებისა და თავისუფალი ირანის სჯეროდა. მას ახასიათებენ, როგორც განათლებულ, მომთმენ და ღირსეულ ახალგაზრდას, რომელმაც „როდესაც ისპაჰანი სამართალს ითხოვდა, სიჩუმეს წინააღმდეგობა ამჯობინა“.
რეზა გოგოჩაშვილი (კარემი) 50 წლის
რეზა გოგოჩაშვილს ორი ვაჟი და გოგონა დარჩა.
„შრომისმოყვარე, მშრომელი ადამიანი იყო. მთელი ცხოვრება მუშაობდა. როცა ესროლეს, მაშინაც სამსახურიდან ბრუნდებოდა. მისი გზა თავისუფლებისკენ გრძელდება“.
„გზა მშვიდობისა, ბატონო რეზა. ქართველები თქვენით ამაყობენ“, - ასეთ პოსტებს აქვეყნებენ მისი ახლობლები.
მოჰამედ ჰასან ოსეფაშვილი (აშრაფი) - 36 წლის
მოჰამედიც ტყვიამ იმსხვერპლა საპროტესტო აქციაზე. მას ცოლი და 4 წლის ბიჭი დარჩა.
„წავიდა მოჰამედ ჰასანი. მისი შვილი მამის გარეშე გაიზრდება და მუდმივად ექნება კითხვა, რომელზეც პასუხი არ არსებობს“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ჰანანე კორკოტაანი (ეზიზი) - 18 წლის
ჰანანეზე მხოლოდ ის ვიცით, რომ აქციაზე ფეხში დაჭრეს და მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თებერვალში ირანის რეჟიმის მიერ მოკლულებს თბილისში მყოფმა ფერეიდნელებმა სამებაში პანაშვიდი გადაუხადეს.
ირანში მასობრივი დემონსტრაციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. ირანელები ქუჩებში ფასების ზრდის და ინფლაციის გამო გავიდნენ. აქციები მალევე გადაიზარდა ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო პროტესტში. პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დღემდე დადგენილი არ არის. 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ერთობლივი იერიშები მიიტანეს ირანზე, რომლის დროსაც დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები.
200 ათასამდე ქართველი ირანში, ისპაანთან ახლოს შაჰ-აბას პირველმა მე-17 საუკუნის დასაწყისში გადაასახლა. ფერეიდნელი ქართველები ქართულ ენასა და იდენტობას დღემდე ინარჩუნებენ.
ფორუმი