Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაჭკაჭი და ხელახლა მოგონილი ანბანი - ქართველების ამბები ფერეიდნიდან


„საკვანძო სიტყვა - ფერეიდანი“ - დიანა ანფიმიადის ეს წიგნი მალე სტამბაში წავა. მასში ფერეიდნული ამბებია თავმოყრილი - იქაური მარტყოფის, იქაური ვაშლოვნის, ოთხასწლიანი დარდისა და მონატრების ამბები, ორასი გვერდი შუა ირანში დაარსებულ საქართველოზე.

ფერეიდანში დღესაც იმ ქართულით ლაპარაკობენ, რომელზეც მეფე თეიმურაზი და ქეთევანი საუბრობდნენ. 400 წლის წინ შაჰ აბასის მიერ გადასახლებულმა 200 ათასამდე ქართველმა შუაგულ ირანში დროის კაფსულა შექმნეს. ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2004 წლიდან მუშაობს პროექტზე „ქართული ენობრივი კუნძული ტრანსეთნიკურ არეალში (GLITEA)“, რაც ფერეიდნის სამეტყველო ენის შესწავლასაც გულისხმობს. უკვე გამოიცა მონოგრაფია „ფერეიდნული დიალექტი“ და გამოკვლევა „ქართულენადაკარგული დასახლებები ირანში“.

ფერეიდანში თოვლი „ბელტ-ბელტად“ მოდის; საქმის დასრულებისას ამბობენ, გავათავთავეო; კატას ისევ ციცა ჰქვია, ძაღლი „ღრინავს“, ქათამი „კრასკრასებს“, ხოლო თუ ვინმემ თქვა, ემასაო ათი ბღავანა ჰყაო, ესე იგი, ის ვიღაცა ათი ცხვრის პატრონია.

„სხვებისგან განსხვავებით, თუნდაც თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან, ფერეიდანმა ძველი ენა შემოინახა, რადგან გარშემო ირანია და თანამედროვე ქართულთან შეხება არ ჰქონდა. ახლა ბავშვებმა ცუდად იციან ქართული, მაგრამ მაინც ცდილობენ ისწავლონ“, - ამბობს პროექტის მონაწილე დიანა ანფიმიადი, რომელმაც ფერეიდნიდან ჩამოტანილი ამბები შეისწავლა.

ამ წიგნში ფერეიდნელები უცნაურ, წარმოუდგენელ ამბებს ჰყვებიან. ჯერ მარტო ანბანის გამოგონება რად ღირს. იმდენად მოწყვეტილები იყვნენ საქართველოს, რომ არც იცოდნენ, ქართული ანბანი რომ არსებობს, ადგნენ და ხელახლა გამოიგონეს.

ერთმა მოფიქრება ითავა, მეორემდახატვა. დაგეგმეს, დაივალეს, დაიწყეს. საბედნიეროდ, ამ დროს საქართველოდან ერთი ქართველი ჩამოსულა, გვარად კოჭლაშვილი. უთქვამს, „ანბანი საქართველოსი სამყაროჩი თავადიაო“, ანბანიც გვაქვს, წიგნებიცო. ჩამოუტანა რვეულებიც, წიგნებიც... ასე გაიგეს, რომ უკვე არსებობს ქართული ანბანი“, - წერს ავტორი.

საბჭოთა კავშირის დროს, როცა საზღვრები ჩაკეტილი იყო, ფერეიდნელებს საქართველოდან ჩასული თითქმის არავინ უნახავთ. დიალექტურ კორპუსს ჩაწერილი აქვს ჰეიდარ დარჩიაშვილის მოგონება, რომელიც შევიდა წიგნში „საკვანძო სიტყვა - ფერეიდანი“, თუ როგორ წავიდნენ ის და მისი ძმა ირანში გასტროლებზე ჩამოსული ქართული ანსამბლის კონცერტზე. მაშინ ნახეს პირველად ქართველები და ქართული სიმღერაც პირველად მოისმინეს.

„განათლებულ იმაში და სუფთა, თეთრები, ქართველები. კაცები, დედაკაცები და გუხაროდა მე და ჩემ ძმა და ტაში უკრევდით იგრე, რო ყველამ დაამთავრის და მე და ჩემ ძმა ელა უკრევდით. იგრე გუხაროდა“.

ანტრაქტზე ანსამბლის მონაწილეებთან რომ მივიდა, მათ გაიოცეს, ქართველები ირანშიც არიანო?

ერთი ერთ წიწილას დაიკარგავს, შიდი ქუჩა კარს მოილის, ერთ წიწილა მონახოს და ქენ ეხლა, ოთხასი წელია ქართველები ექ არიან და ეხლა იკითხავ, აბა, ქართველი ექ არიან?“ – უპასუხა ჰეიდარმა. მათი შეხვედრა იმით დამთავრდა, რომ ჩამოსულებმა, ჯიბეში თუ ჩანთაში რაც კი რამე ქართული სუვენირი ჰქონდათ, ყველაფერი დაუტოვეს.

ფერეიდანში ენის გარდა ათასი სხვა რამეც ახსოვთ: კერძები, რომლებიც ქართულ კულინარიაშიც შეგხვდება; ვაზი და ხორბალი, რომელზეც ამბობენ, რომ მუჭით წაიღეს გადასახლებისას. „ვინ შეჭამა ვენახის“ ლექსიც იციან და წყევლაც: „შავი მიწა დაგაყარე“. სწორედ ამ წყევლიდან გაიგეს, რომ მათ სამშობლოში შავი მიწა ყოფილა და არა წითელი, რომელზეც ახლა სახლობენ. ნახევრად წარმართული რიტუალებიც აქვთ - მაგალითად, ავდარში საცრით გამოსვლა და მზის „გაცრა“. ამის შემდეგ, წესით, დარი უნდა გამოვიდეს - და თანამედროვე რიტუალიც: რადიომიმღებით ხელში აქეთ-იქით სიარული, იქნებ საქართველო „დაიჭირონ“.

მე, თხუთმეტის წლისაღა რო შაიქენ, გავიგეღა, რო საიდანა ვარ და... – ხო ჩონ მამებმა თქიანყე და ჩონ მამებმაცა რადიო იყო, იმაშინ ცოტა იყო, შეიძლება ერთ ხუთი საჩი ერთ რადიო იყოს და ემ აბრუნებდიანყე, რო საქართველო მონახო, საქართველო დაიჭირიანყე და ქართულ ლაპარაკობდიანყე და ემათ უხაროდაყეჩონ მამეფსა და იმაზეღა მევეჩვიე და გაიგეღა, რო ჰა ჩონ იქ საქართველოსაყე ვართ ხო ის და იმაშინ შამიყორდა“, - ამბობს ერთ-ერთი ფერეიდნელი. იმასაც ამბობს, ამის მერე ვისწავლე ქართული წერა-კითხვაო.

ფერეიდანი, გადაღება კვლევის პროცესში
ფერეიდანი, გადაღება კვლევის პროცესში

ახლა ფერეიდანში 15 ათასამდე ქართველია დარჩენილი. როდესაც საქართველოდან მკვლევარები ჩადიან, ფერეიდნელები ცდილობენ რაც იციან, ყველაფერი გაიხსენონ: ბალახის, ჩიტების, მწერების სახელები. თუ რამე დაავიწყდათ, ნერვიულობენ და ახლა სხვას ეკითხებიან, შეიძლება იმან იცოდეს, მით უფრო, თუ ასაკით უფროსია.

კარაზუზუნა მწერია, ვირი „ყირის“, თუ ვინმე დაიღრიალებს, ანუ „მაღლად ხმაუროფს“, იმასაც „ყირის“ ჰქვია, რათ იყირიო, შეუძახებენ. ასეთი გამოთქმაც აქვთ - „საათს გაიძრავს“, ანუ ამ საქმეს საათი მოუნდება...

მაგრამ მე ყველაზე მეტად კაჭკაჭის ამბავი მომწონს.

ხმა მოუვიდათ, თეირანს იქით, ერთ ქალაქში, ქართველები ცხოვრობენო. ეძებეს, მაგრამ ქართულად მოლაპარაკეს ვერავის გადააწყდნენ. მარტო ერთი კაცი ნახეს, სიტყვა „კაჭკაჭის“ მეტი არაფერი იცოდა. რადგან ეს სიტყვა იცის, უთუოდ ქართველი იქნებაო, იფიქრეს. ასეც აღმოჩნდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG