Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: დროებითი, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვების და D-ტიპის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები არ უნდა გაეყინოთ

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ოფიციალური რეკომენდაციები რუსეთის მოქალაქეების მიმართ საბანკო სანქციების გამოყენების შესახებ.

განახლებულ დოკუმენტს ყურადღება მიაქცია პროექტმა „კოვჩეგმა“, რომელმაც ადრე მიმართვა გააგზავნა კომისიაში და მოითხოვა, განემარტათ ის ნორმები, რომლებსაც იმოწმებდნენ გადახდის ევროპული სამსახურები და რუსებსა და ბელარუსებს ანგარიშებს უბლოკავდნენ.

დოკუმენტის თანახმად, სანქციები არ უნდა გავრცელდეს დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ან ევროკავშირის მოქალაქეობის მქონე რუსებზე, ასევე გრძელვადიანი D-ტიპის ვიზების მფლობელებზე. ეს კატეგორია მოიცავს სამუშაო, სასწავლო, ჰუმანიტარულ და ოჯახის გაერთიანების ვიზებს.

სანქციებისგან თავის დასაღწევად, D-ტიპის ვიზის მფლობელები მასპინძელ ქვეყანაში უნდა დარეგისტრირდნენ გარკვეულ მისამართზე. ევროკომისიის განმარტებების თანახმად, ეს საკმარისი იქნება რეზიდენტის სტატუსის მისაღებად.

ევროპულმა ბანკებმა და გადახდის სამსახურებმა უნდა შეაჩერონ რუსეთის მოქალაქეების მომსახურება, თუ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირებს შეუწყდათ ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ან შვეიცარიის რეზიდენტობა. თუმცა ეს არ ნიშნავს საბანკო ანგარიშის დაუყოვნებლივ დახურვას.

შეზღუდვები ასევე არ უნდა გავრცელდეს იმ კომპანიებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული რუსეთში, მაგრამ რუსების მიერ იმართებიან ან კონტროლდებიან, თუკი ისინი არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

2025 წლის ბოლოს ევროპაში მცხოვრებმა რუსებმა განაცხადეს, რომ Revolut-მა და Wise-მა მათგან დაიწყეს ევროკავშირში ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნა. ამის შემდეგ, ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიღო შეტყობინება ანგარიშის გაყინვის შესახებ და აგრეთვე, გაფრთხილება წლის ბოლომდე ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ბანკმა ამის მიზეზად რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი მოიყვანა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG