Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატრორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა ყურადღება მიაქცეს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

განცხადება ორპარტიულია (რესპუბლიკური პარტია და დემოკრატიული პარტია).
განცხადება ორპარტიულია (რესპუბლიკური პარტია და დემოკრატიული პარტია).

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ამ შინაარსის ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ ვიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, კონგრესმენი სტივ კოენი და სენატორი ჯინ შაჰინი. ისინი რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რათა მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მოხსნან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და გააუქმონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოზე

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა.

  • „მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა“, - წერენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები და ანგარიშიდან ერთ-ერთ ამონარიდს ციტირებენ:„მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“.
  • „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები“, - აცხადებენ ისინი.
  • ირაკლი კობახიძემ 16 მარტს წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.

ანგარიშის რეკომენდაციები

ანგარიში 46 რეკომენდაციას ჩამოთვლის 9 პრიორიტეტული მიმართულებით. მათ შორისაა:

არჩევნები: გამოძიება, პარტიების აკრძალვაზე უარი

  • მიუკერძოებლად გამოიძიონ ცნობები ყველა დარღვევაზე;
  • შეცვალონ წესები ეუთოს/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ;
  • მოიწვიონ დამკვირვებლები, კერძოდ, ეუთო/ოდირი;
  • თავი შეიკავონ ოპოზიციისადმი ცილისწამების, დაშინებისა და მუქარის შემცველი კამპანიებისგან;
  • თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვისგან და ახლანდელი სარჩელი გაიწვიონ;
  • გაუქმდეს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ „თვითნებურად აღძრული ბრალდებები“.

გაუქმდეს კანონები: FARA, სახის დაფარვის აკრძალვა და ა.შ.

  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, FARA-სა და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული კანონები „უნდა გაუქმდეს ან, სულ მცირე, შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“;
  • აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვა და შეკრების უფლებაზე მკაცრი შეზღუდვები „უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს“.
  • უნდა გაუქმდეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ბოლოდროინდელი ცვლილებები „უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის შინაარსზე შეზღუდვების რეგულირების“ მკაცრად რეგულირებაზე;
  • „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, - რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას ზღუდავს, - „უნდა გაუქმდეს“;
  • სახელმწიფო ღალატის დანაშაულის განსაზღვრება უნდა დაკონკრეტდეს, რათა არ გამოიყენებოდეს მთავრობისადმი კრიტიკის გამო სასჯელის სახით;
  • უმაღლესი განათლების რეფორმისას „უნდა იყოს დაცული აკადემიური თავისუფლება“.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა

რეკომენდაციების თანახმად, საჭიროა:

  • „დაუყოვნებლივ შეწყდეს ფიზიკური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების წინააღმდეგ და შეწყდეს მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა“;
  • მყისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები;
  • ადამიანთა დაკავება, გადაყვანა და პატიმრობის პირობები შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსებას.

თავისუფლება და უსაფრთხოება

  • მყისიერად და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა პატიმარი, რომლებიც პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებული, განსაკუთრებით ოპოზიციონერები“;
  • „თავი შეიკავონ მათი პოლიტიკურ მოტივებზე დაყრდნობით მომავალში დაკავებისგან“;
  • „მყისიერად გაათავისუფლონ ჟურნალისტები და სხვა პირები, რომლებიც თავისუფალი გამოხატვის უფლების განხორციელებისთვის არიან დაკავებულნი“.

სამართლიანი სასამართლო

ანგარიში მიმართავს ხელისუფლებას:

  1. „დაიცავით სამართლიანი სასამართლოს პრინციპები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია“;
  2. „უზრუნველყავით და პატივი ეცით სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, კონკრეტულად, გაატარეთ შესაფერისი რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

  1. პატივი ეცით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“;
  2. „შეწყვიტეთ აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიზანში ამოღება“;
  3. „შეამცირეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლებისთვის უცხოური მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეზღუდვები“;
  4. „გაუქმდეს მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული მაუწყებლობის შინაარსზე არსებული შეუთავსებლად მკაცრი შეზღუდვები“.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

შეწყვიტეთ პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და LGBT+ პირების წინააღმდეგ დისკრედიტაციისა და დაშინების კამპანია“.

ხელისუფლების პასუხი

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დოკუმენტის შეფასების დროს თქვა, რომ ეს დასკვნა, რომელიც, მისი სიტყვებით, წინასწარ იყო დაწერილი, „თავიდან ბოლომდე სიცრუითაა გაჯერებული“.

„საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს... ეუთოს ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის განვითარების მხრივ", - განაცხადა კობახიძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG