სამხრეთ კოლუმბიაში საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პედრო სანჩესმა. თვითმფრინავს სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავარაუდოდ, როტაციის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაციით, მასში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
სანჩესმა თქვა, რომ ავარია პუერტო-ლეგუიზამოდან აფრენისას მოხდა. ავარიის მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, 77 დაშავდა, ხოლო 43 ადამიანის ბედი უცნობია.
განახლება: სააგენტოებმა Reuters-მა და France-Presse-მა კოლუმბიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ დაიღუპა სულ მცირე 66 ადამიანი.
ადგილობრივი გამოცემა BluRadio იტყობინება, რომ თვითმფრინავში 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ტელეარხი Caracol იუწყება, რომ წინასწარი შეფასებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 125 ადამიანი: 11 ეკიპაჟის წევრი და 114 სამხედრო მოსამსახურე. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იყო Hercules C-130, რომელიც ამერიკული თავდაცვის მრეწველობის კორპორაცია Lockheed Martin-ის მიერ იყო წარმოებული. პირველი Hercules C-130 გამოუშვეს 1950-იან წლებში, ხოლო კოლუმბიამ პირველი მოდელები 1960-იანი წლების ბოლოს შეიძინა.
Reuters-ის ცნობით, თებერვლის ბოლოს ჩამოვარდა ბოლივიის საჰაერო ძალების კუთვნილი Hercules C-130 ტიპის თვითმფრინავი, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
ფორუმი