ხუთშაბათს, 26 მარტს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროპულ საბჭოსთან მოლაპარაკებებს, რათა საბოლოოდ იქნეს მიღებული კანონი, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირში დარჩენის უფლების არმქონე მიგრანტების დეპორტაციას. მოლაპარაკებების გამართვას 389 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 206, 32-მა თავი შეიკავა. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებსაიტი იტყობინება.
კენჭისყრა გაიმართა ევროპული პარტიების „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“, „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსისა“ და „მემარცხენეების“ ინიციატივით. მათი ინიციატივა მიმართული იყო ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის 9 მარტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მაშინ მიღებულ ზომებს შორისაა მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის მხარდაჭერა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ ქვეყანა ცდილობს „მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიაღწიოს მესამე ქვეყნებთან შეთანხმებას დეპორტაციის ცენტრების შესახებ.
კენჭისყრის შედეგებს მხარი დაუჭირა ასევე ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილების წყალობით, ევროკავშირი „ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა“ „მყარ და ფუნქციონირებად საიმიგრაციო სისტემას“.
ევროკავშირის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებს, ვინაიდან ახალი წესები საშუალებას იძლევა, არალეგალური მიგრანტები გაგზავნილ იქნენ მესამე ქვეყნებში, რომლებთანაც მათ არაფერი აკავშირებთ.
ზოგიერთი ევროპარლამენტარი აკრიტიკებს კანონპროექტში გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, მონაწილეობას.
ფორუმი