Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ - პაპუაშვილის თქმით, უკრაინელ ხალხს უდგანან გვერდში

შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს, 27 მარტს მედიასთან კომენტარი გააკეთა ოკუპირებულ დონეცკში ქართული კომპანიის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხზე.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში ქართული კომპანიის ხელმძღვანელის ვალერიანე ქოჩიაშვილის მიერ გაფორმებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხის კომენტირებისას, პაპუაშვილმა თქვა: "ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ, მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომის და პატივისცემის გამო უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს".

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა იგი, ამგვარი ვაჭრობის შემთხვევაში, ევროკავშირის სანქციების დაწესების რისკს, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ "რისკს ვერ ხედავს".

"ვინაიდან ჩვენ შეზღუდვები გვაქვს დაწესებული, დონეცკის და ამ ტერიტორიებიდან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ამიტომ ეს შეუძლებელია რაიმე ვაჭრობა ხდებოდეს".

ამასთან, მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამება არის საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა, რომ რამენაირად საქართველოში სანქციების დარღვევა ხდება"

"ჩვენ ამ პირობებს ვიცავთ. მიუხედავად იმისა, რომ უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ. ვხედავთ, რომ იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით, ასევე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკით, საქართველოს რუსეთისადმი დაწესებული არ აქვს ორმხრივი სანქციები, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სანქციების გვერდის ავლა რუსეთის მხრიდან არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით, რასაც განმარტავენ ეკონომიკური და უსაფრთხოების გატარების პოლიტიკით.

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

"საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას“. - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისადმი ევროკავშირის წარმომადგენლის სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანის 5 მარტით დათარიღებულ წერილში.


ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის იმპორტი იგეგმება?

  • 19 მარტს რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოებში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტის შესახებ.
  • დონეცკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ჩერტკოვმა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას თქვა, რომ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ქართულ კომპანია “George Oil Limited”-თან, რომელიც რუსული სააგენტოების მტკიცებით, "საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.”
  • კომპანიის ხელმძღვანელი ვალერიანე ქოჩიაშვილი "ჯორჯ ოილის" სახელით ორ კომპანიას ფლობს - 2015 წელს რეგისტრირებულ "ჯორჯ ოილს" და ორი დღის წინ, 2026 წლის 24 მარტს დარეგისტრირებულ "ჯორჯ ოილი პლიუსს". პირველ კომპანიაში ქოჩიაშვილი 50%-იან წილს ფლობს, მეორეში 100%-იანს. ქოჩიაშვილთან ერთად დონეცკში იმყოფებოდა ამირან სურმანიძეც. ამირან სურმანიძე არსად ჩანს იმ ათამდე კომპანიაში, რომლებსაც ქოჩიაშვილი მართავს, ან მასთან დაკავშირებულ ბიზნესებში.
  • ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2025 წლის მაისში მოექცა, როცა ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს და მის ცოლს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მერე კი ვიდეო ჩაწერა, სადაც პიტერ ფიშერს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG