Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკო რუბიომ და კაია კალასმა რუსეთ-უკრაინის თემაზე იკამათეს - Axios

Axios-ის ცნობით, მარკო რუბიომ და კაია კალასმა პარიზში იკამათეს.
Axios-ის ცნობით, მარკო რუბიომ და კაია კალასმა პარიზში იკამათეს.

Axios-ი, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ, პარიზში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, თავი იჩინა კამათმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.  

გამოცემის თანახმად, კალასმა რუბიოს შეახსენა ერთი წლის წინ, ამავე ფორუმის ფარგლებში ნათქვამი - რომ თუკი რუსეთი ხელს შეუშლიდა აშშ-ს მცდელობებს - უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაშინ ვაშინგტონი დამატებით ნაბიჯებს გადადგამდა კრემლის წინააღმდეგ.

“წელიწადი გავიდა… როდის ამოიწურება თქვენო მოთმინება?” - Axios-ის წყაროების თანახმად, კალასის მიერ დასმულ შეკითხვას რუბიოს გაღიზიანება მოჰყვა.

“რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ ომის დასასრულებლად. თუკი ფიქრობთ, რომ ამის გაკეთება უკეთესად შეგიძლიათ, იმოქმედეთ. ჩვენ განზე გავდგებით”, – წყაროს თანახმად, მარკო რუბიომ ხმას აუწია, კაია კალასისთვის პასუხის გაცემის დროს.

Axios-ის სტატიაში მითითებულია რუბიოს კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც - აშშ ცდილობდა ორივე მხარესთან [უკრაინა და რუსეთი] დალაპარაკებას, თუმცა “ეხმარებოდა მხოლოდ ერთ მხარეს - უკრაინას - იარაღით, დაზვერვითა და სხვა მხარდაჭერით”.

გავრცელებული ცნობით, საუბარში ჩაერთვნენ „დიდი შვიდეულის“ მინისტრების სამიტის რამდენიმე მონაწილე და განაცხადეს, რომ - კვლავ სურთ, აშშ-მა გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე.

ორ წყაროზე დაყრდნობით, Axios-ი იტყობინება, რომ შეხვედრის ბოლოს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ურთიერთობა გააგრძელეს, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

“ეს იყო მოსაზრებების გულახდილი გაცვლა. სწორედ ამისთვის არსებობს დიპლომატია”, - უთხრა Axios-ს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

“კალასის პრესსპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა” - იტყობინება გამოცემა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG