აქციების მთავარი გზავნილია „არა მეფეებს“. აშშ-ის თითქმის ყველა შტატში 3 200-ზე მეტი ღონისძიება იყო დაგეგმილი. ეს არის ტრამპის წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების მესამე ტალღა მსგავსი სლოგანით.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი აპროტესტებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას, მათ შორის ირანში ომს, ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურის ქმედებებსა და საცხოვრებელი ფასების ზრდას.
„ტრამპს სურს ტირანის სახით მმართველობა. თუმცა ეს ამერიკაა და ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა მეფედ გახდომის მსურველებს ან მათ მილიარდერ მეგობრებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
როგორც BBC წერს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა პროტესტებს უწოდა „ტრამპის მიმართ აკვიატებული სიძულვილისგან განტვირთვის სესიები“ და თქვა, რომ ერთადერთი, ვისაც ეს აინტერესებთ, „ის ჟურნალისტები არიან, რომლებსაც ამის გასაშუქებლად უხდიან“.
28 მარტს დემონსტრაციები გაიმართა აშშ-ის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში. აქციების მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის და ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირების ფიგურები და მათ გადაყენებასა და დაპატიმრებას მოითხოვდნენ.
აქციების მსვლელობისას, ლოს ანჯელესში, ორი ადამიანი დააკავეს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ თავდასხმისთვის.
აქციის მონაწილეები დააპატიმრეს ასევე დალასში, მას შემდეგ, რაც „მცირე შეტაკებები დაიწყო“, როდესაც კონტრდემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს და „არა მეფეების“ მსვლელობა ჩაშალეს.
ფორუმი