ამ დროს რეგიონში დამატებითი ამერიკული ძალები ჩავიდნენ.
ჰუთებმა ისრაელზე მეორე იერიში მიიტანეს, განაცხადა მათმა სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ და დაამატა, რომ მომავალში კიდევ იქნება თავდასხმები.
საზღვაო გადაზიდვებისთვის ეს პოტენციურ ახალ საფრთხეს წარმოადგენს. ნავთობის და გაზის ტრანსპორტი უკიდურესად შეიზღუდა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო.
ჰუთებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ დაარტყან სამიზნეებს იემენის ფარგლებს გარეთ და შეაფერხონ საზღვაო მიმოსვლა არაბთა ნახევარკუნძულისა და წითელი ზღვის გარშემო, როგორც ეს მათ ღაზის ომში "ჰამასის" მხარდასაჭერად გააკეთეს.
თუ ჰუთები კონფლიქტში ახალ ფრონტს გააფართოებენ, ერთ-ერთი სამიზნე შეიძლება იყოს ბაბ-ელ-მანდების სრუტე იემენის სანაპიროსთან, რომელიც სუეცის არხისკენ მიმავალი საზღვაო ტრანსპორტისთვის ვიწრო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზაა.
სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან და გლობალურ ბაზრებთან ვიწრო საზღვაო გასასვლელი, ჰორმუზის სრუტე ომანის ყურისა და არაბეთის ზღვის გავლით აკავშირებს. ჰორმუზის მსგავსად ბაბ ელ-მანდების სრუტე ერთადერთი გზაა, საიდანაც ადენის ყურით გავლით, გემები წითელი ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში გადადიან. ბაბ ელ-მანდებს იემენის სანაპიროს ჰუთები აკონტროლებენ.
ვაშინგტონმა ომის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ათასობით საზღვაო ქვეითი გაგზავნა. ორი კონტინგენტიდან პირველი სადესანტო გემით ჩავიდა, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო ძალებმა 28 მარტს.
შაბათს "Washington Post"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, პენტაგონი ირანში კვირების განმავლობაში მიმდინარე ოპერაციებისთვის ემზადება, რაც, შესაძლოა, სპეციალური ოპერაციებისა და რეგულარული ქვეითი ჯარის დანაყოფების რეიდებს მოიცავდეს. გამოცემის ცნობით, უცნობი რჩება, დაამტკიცებს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახმელეთო ჯარების განლაგების გეგმებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ს მიზნების მიღწევა სახმელეთო ჯარების გარეშეც შეეძლო, მაგრამ რეგიონში მათ ნაწილს მაინც გზავნიდა, რათა ტრამპს სტრატეგიის შესაცვლელად "მაქსიმალური" მოქნილობა ჰქონოდა.
"Reuters"-ის ცნობით, პენტაგონი განიხილავს სამხედრო ოპერაციების ჩატარებას, რომლებიც, შესაძლოა, ირანში სახმელეთო ჯარების განლაგებასაც მოიცავდეს.
ომი, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშებით დაიწყო, მთელ ახლო აღმოსავლეთზე გავრცელდა, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიო ეკონომიკას გლობალური ენერგორესურსების მიწოდების ისტორიაში ყველაზე დიდი შეფერხება მოუტანა.
ფორუმი