"ამ დილით, ისრაელის პოლიციამ ხელი შეუშალა იერუსალიმის კათოლიკეთა პატრიარქს, მის უნეტარესობას კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას, წმინდა მიწაზე კათოლიკური ეკლესიის მეთაურს, იერუსალიმის წმინდა სამარხის ეკლესიაში შესვლაში, როდესაც ისინი "ბზობის" ლოცვის აღსავლენად მიემართებოდნენ", - ნათქვამია პატრიარქატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"შედეგად საუკუნეების განმავლობაში პირველად, ეკლესიის მეთაურებს წმინდა სამარხის ეკლესიაში ბზის წირვის აღნიშვნის საშუალება არ მისცეს".
ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა X-ზე განაცხადა, რომ პოლიციას ეკლესიაში პატრიარქის შესვლისთვის ხელის შეშლას "არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, ეს იყო მხოლოდ მისი და მისი თანმხლებლების უსაფრთხოების ზრუნვა".
პატრიარქატმა კი განაცხადა, რომ ეს იყო "არაგონივრული და უხეშად არაპროპორციული ზომა".
იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯა მელონიმ დაგმო ისრაელის პოლიციის ქმედება. მელონიმ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინციდენტი იყო "შეურაცხყოფა არა მხოლოდ მორწმუნეებისთვის, არამედ ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც პატივს სცემს რელიგიურ თავისუფლებას".
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაჯანიმ, X-ზე დაწერა, რომ ინციდენტის გამო ისრაელის ელჩი დაიბარა.
28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის ხელისუფლებამ აკრძალა დიდი შეკრებები, მათ შორის სინაგოგებში, ეკლესიებსა და მეჩეთებში.
საზოგადოებრივი შეკრებები 50 ადამიანითაა შეზღუდული.
კათოლიკეთა პატრიარქატმა უკვე განაცხადა, რომ მან გააუქმა "ბზობის" ტრადიციული პროცესია, რომელიც ჩვეულებრივ ზეთისხილის მთიდან იერუსალიმამდე გადის და ყოველწლიურად ათასობით მორწმუნეს იზიდავს.
პატრიარქატის განცხადებით, კარდინალი პიერბატისტა შეაჩერეს "მაშინ, როდესაც ის კერძო წესით გადაადგილდებოდა და არ ყოფილა პროცესიის ან ცერემონიალური აქტის ნიშნები".
"ეკლესიათა მეთაურები სრული პასუხისმგებლობით მოიქცნენ და ომის დაწყებიდანვე დაემორჩილნენ ყველა დაწესებულ შეზღუდვას", - განაცხადა პატრიარქატმა.
კარდინალისთვის ეკლესიაში შესვლის აკრძალვას განცხადება უწოდებს "არაგონივრულ და უხეშად არაპროპორციული ზომას."
ქრისტეს საფლავის ტაძარი - იგივე იერუსალიმის წმინდა სამარხის ეკლესია ქრისტიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდეა, რომელიც აღმართულია გოლგოთაზე - იესო ქრისტეს ჯვარცმის, დაკრძალვისა და აღდგომის ტრადიციულ ადგილზე.
აღდგომის წინა კვირას ქრისტიანული ეკლესიები აღნიშნავენ “ბზობას,” რომლის შინაარსი დაფუძნებულია სახარების მონათხრობზე იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის შესახებ.
კარდინალი პიცაბალა რომის პაპობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ის შარშან ზაფხულში ჩავიდა ისრაელის თავდასხმებისგან განადგურებულ ღაზაში მართლმადიდებელ პატრიარქთან ერთად და განაცხადა, რომ “ქრისტე მარტო არ ტოვებს ღაზას.”
ფორუმი