ლივიტმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნა „ისაა, რაც პრეზიდენტს ძალიან დააინტერესებდა“. პრესმდივანმა იქვე განმარტა, რომ არ სურდა წინ გაესწრო პრეზიდენტისთვის, თუმცა თქვა, რომ „ეს ნამდვილად არის ის იდეა, რომელიც, ვიცი, მას აქვს და ვფიქრობ, მეტს მისგან მოისმენთ“-ო.
28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ ირანის სამიზნეებად იქცნენ მისი მეზობელი ქვეყნები. სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩართულან, თუმცა მის ზეგავლენას მწვავედ განიცდიან - როგორც ირანის საჰაერო თავდასხმებითა და მისგან გამოწვეული მსხვერპლით, ისე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალით.
კეროლაინ ლივიტმა ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება და კარგად მიმდინარეობს, რასაც თავის მხრივ უარყოფს ირანი.
„საჯარო პოზიციონირების მიუხედავად, რაც ირანის რეჟიმისა და ყალბი ახალი ამბებიდან გესმით, მოლაპარაკებები გრძელდება და კარგად მიმდინარეობს. ის, რაც საჯაროდ ითქმება, ცხადია, ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც კერძო კომუნიკაციით გვეუბნებიან“.
30 მარტს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარყო აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებები და განმარტა, რომ არსებული პირობები მოლაპარაკებებისთვის შეუსაბამოა. თეირანი აცხადებს, რომ ვაშინგტონის მოთხოვნები არარეალისტურია
და რომ დიალოგი უერთიერთპატივისცემასა და რეალურ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს.
ფორუმი