Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტები თოშხუა და შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა

საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი
საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2025 წლის აგვისტოში დაკავებული აქტივისტები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ დღეს 1 აპრილს გამოაცხადა. სასჯელის მოხდის ვადა აითვლება დაკავების დღიდან.

მოსამართლის თქმით “ვერ და არ გაიზიარებს დაცვის პოზიციას აუცილებელი მოგერიების შესახებ, ბრალდებამ დაადასტურა ბრალეულობა”.

მისივე განმარტებით, “მართალია ბრალდებულები არ არიან ნასამართლევები სხვა საქმეში, ითვალისწინებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ბრალდებულის პოზიციებს… ვიდეოებში, რომელიც შევისწავლეთ, საზოგადოებამ დაინახა ის, რამაც სასამართლო დარბაზში მოგვიყვანა”, - თქვა განაჩენის გამოცხადებამდე ელენე გოგუაძემ.

მანვე განმარტა, თუ რატომ შეუფარდა აქტივისტებს ერთწლიანი პატიმრობა.

"როცა დაზარალებული დავკითხეთ, მისი პოზიცია იყო ლოიალური, მან მოინანია, რომ თქვენს მიმართ რადიკალურად იყო განწყობილი, თუმცა ხშირ შემთხვევაში დაზარალებულს პოზიცია ვერ განსაზღვრავს იმას, რომ ლოიალური იყო, მე გავითვალისწინე დაზარალებულის პოზიცია, სასჯელის ნაწილში”, - თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების დასაბუთებისას.

რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებს პროკურატურა ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერზე ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა.

37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, რუსთაველის გამზირზე 2025 წლის 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალი წარუდგინეს ძალადობაში, რომელმაც ადამიანს ფიზიკური ან/და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია.

ეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტია. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროვოკაციის მსხვერპლი იყვნენ; დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძის დაკითხვამ კი ტკივილის განცდის გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.


ვინ იყო ბექა გოცირიძე?


ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე მომხდარის დროს იყო საჯარო მოხელე და „თბილსერვისის“ თანამშრომელი. ის ღიად უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“. შარშან 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზეც თქვა, რუსთაველის აქციის მონაწილეები „უსამშობლოები“ და „აკაცუკები“ არიანო. იმავეს ამბობდა ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოებში.

2025 წლის 31 ივლისს ღამით, ინციდენტის დღეს კი მთაწმინდაზე თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებიდან ბრუნდებოდა.

ბექა გოცირიძემ სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ ნანობს 2025 წლის 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე გავლას, ვერ გაუგია, რატომ მოჰყვა „ამხელა ამბავი“ მომხდარს და რატომ არ შეიძლებოდა ბრალდებულები უბრალოდ გირაოთი გაეშვათ სახლში.

ბექა გოცირიძე 2026 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა.

აქტივისტების თქმით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მომხდარს შეესწრნენ, ჰყვებიან, რომ ბექა გოცირიძე, რომელიც იქამდე პირადი მიმოწერის დროსა და ფეისბუკლაივებში ემუქრებოდა ხოლმე აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე პროვოკაციისთვის მივიდა და იქ მყოფებს მიაყენა შეურაცხყოფა. ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თვითმხილველი დემონსტრანტები იმასაც ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.

„თუმცა რატომღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში საქმეში ეს დანა არ ფიგურირებდა იქამდე, სანამ თორნიკე თოშხუამ შიმშილობა არ დაიწყო, ყველა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა, ყველა დემონსტრანტმა სოციალურ ქსელში არ დაწერეს, გამოძიება კითხვასაც არ სვამდა“, - იხსენებს ადვოკატი დავით კუპრავა.

ბრალდებულები მერვე თვეა ციხეში არიან, რაც ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებას ისინი 2026 წლის აგვისტოში, სავარაუდოდ, 16 აგვისტოს დატოვებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG