ის თბილისში გერმანიიდან გამოფრინდა, მალე დატოვა აეროპორტი, თბილისიდან კი სამხრეთის მიმართულებით დაიძრა.
მონაცემები თვითმფრინავების თვალყურის სადევნებელ საიტზე, Flightradar24-ზე იყო ხელმისაწვდომი.
დეტალები
ამერიკული თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III არის აშშ-ის საჰაერო ძალების (USAF) კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნით.
მათ შორის - სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის, ჯარისკაცების ტრანსპორტირებისა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.
აეროპორტში იგი დაეშვა ადგილობრივი დროით 15:30 საათისთვის - გამოფრინდა გერმანიის ქალაქ რამშტაინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზიდან.
თბილისი კი მალევე, 16:03 საათზე დატოვა.
Flightradar24-ზე არ ყოფილა მისი მიმართულება მითითებული.
თუმცა ჩანდა, რომ მან გადაკვეთა სომხეთის საჰაერო სივრცე და თურქეთის ტერიტორიაზე შევიდა.
ამის შემდეგ თვითმფრინავი Flightradar24-ის რადარიდან გაქრა.
მედიის ცნობით, იგივე თვითმფრინავი 27 მარტს იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცეში.
„რეგულარულად ხორციელდება“ - საელჩო
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს კითხვით, რა იყო თბილისში ჩამოფრენის მიზანი და რა მიმართულებით გაფრინდა იგი.
„საჰაერო ხომალდების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ოპერაციების ჩვეულებრივი ნაწილია და რეგულარულად ხორციელდება პარტნიორებთან კოორდინაციით“, - გვიპასუხეს საელჩოდან.
ამერიკული თვითმფრინავები თბილისში
- თბილისის აეროპორტში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დროებით დასხდნენ ამერიკული თვითმფრინავები. მათ შორის 30 იანვარსა და 2 თებერვალს.
- ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების თბილისში ჩამოსვლის შესახებ პირველადი ცნობები ოფიციალური არხებით არ გავრცელებულა - მათი ფრენის მარშრუტები ჩანს FlightRadar24-ზე.
- „თვითმფრინავების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ოპერაციების ნორმალური ნაწილია და რეგულარულად ხორციელდება პარტნიორებთან კოორდინაციით“ - გვითხრეს მაშინ აშშ-ის საელჩოში.
- „ისინი არ არის დაკავშირებული რაიმე რეგიონულ დაძაბულობასთან“, - განაცხადეს საელჩოში.
დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში
ახლო აღმოსავლეთში 2026 წლის 28 მარტს დაწყებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება.
აშშ-მა და ისრაელმა იერიში მიიტანეს ირანზე; ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საჰაერო თავდასხმისას მოკლეს.
- პასუხად ირანის ძალებმა შეუტიეს ისრაელს და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებს.
- თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.
- დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც შემოაღწია: შეტევა იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქო თეირანისგან ბოდიშს მკაცრად ითხოვს.
- ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული ქსელი გეგმავდა თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც 10-მდე ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს.
შენიშვნა: ინფორმაცია განახლდა 17:40 საათზე აშშ-ის საელჩოსგან მიღებული პასუხით
ფორუმი