31 მარტს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ელჩი მოჯანი წერს:
„დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“.
იგი კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებს და წერს: „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ“.
„რისკები“
მისი თქმითვე, „პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას“ არაერთი რისკი, რომლებსაც იგი ჩამოთვლის:
„საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე“.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლანდელი მიდგომა „იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა“.
იგი ასევე წერს, რომ „დღეს თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს“.
ირანის ელჩი საქართველოში
ირანის ელჩი, - რომელიც თეირანმა 2025 წლის ბოლოს მოავლინა საქართველოში, - რეგულარულად და ხშირად ეხმაურება რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
რწმუნებათა სიგელის ასლი მან 9 იანვარს გადასცა საქართველოს ოფიციალურ პირებს.
იგი საკუთარი მთავრობის იდეოლოგიურ ხაზს მიჰყვება და ამ ჭრილში განიხილავს მსოფლიო თუ რეგიონულ პოლიტიკას.
ხშირად ის ირიბად ეხმაურება სენსიტიურ საკითხებს.
განათლებით ისტორიკოსი, სეიედ ალი მოჯანი არის ირანის სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული „ირანოლოგიის ფონდის“ მრჩეველი. არის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ექსპერტი.
იგი ელჩად დანიშვნამდეც არაერთხელ ყოფილა საქართველოში. თბილისში გამოგზავნამდე კი მუშაობდა ირანის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ავღანეთის საკითხებში. ამ პოზიციაზე მუშაობისას, 2024 წელს, ავღანეთის თალიბანის მთავრობამ ის ქვეყნიდან გააძევა.
დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში
მისი ელჩად დანიშვნა დაემთხვა ირანში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლის დროსაც, უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ათასობით ადამიანი დახოცეს.
მოგვიანებით, იყო აშშ-ისა და ისრაელის იერიში ირანზე, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია, და ირანის პასუხი, - 28 მარტს დაწყებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება.
- ირანის ძალებმა შეუტიეს ისრაელს და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებს.
- თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.
- დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც შემოაღწია: შეტევა იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქო თეირანისგან ბოდიშს მკაცრად ითხოვს.
- ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული ქსელი გეგმავდა თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც 10-მდე ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს.
თბილისის გამოხმაურებები
ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ [2026 წლის 28 თებერვალი] „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიუსამძიმრა ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
2 მარტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
ოფიციალური ინფორმაციით, „კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების“ იყო საუბრის თემა 30 მარტს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
მათ ტელეფონით ისაუბრეს „ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“.
„ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ერთგულნი ვართ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, მარტის დასაწყისში, ისრაელის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა - „მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება“.
11 მარტს პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ „შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა“.
ისრაელის საელჩოს პრესცენტრში განაცხადეს, რომ „ელჩმა პრემიერ-მინისტრს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
წინა დღეს, 10 მარტს ირაკლი კობახიძემ - მეზობელი ქვეყნების ლიდერების კვალდაკვალ, - ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა მოჯთაბა ხამენეის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს.
ფორუმი