Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი.
სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი.

პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სხდომაზე მიიღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია (100 მომხრე, 12 წინააღმდეგი) და რეკომენდაციები (97 მომხრე, 12 წინააღმდეგი), რომლებიც დაეფუძნა 2025 წლის 24-25 სექტემბრის ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს.

კონგრესის სხდომაზე ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციების ჩამონათვალი წარმოადგინა მისიის ხელმძღვანელმა, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა, ჩრდილოეთ ირლანდიელმა პოლიტიკოსმა სტიუარტ დიქსონმა. რეკომენდაციები, რომლებიც მან დოკუმენტებში ასახა, არ შეეხება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ან ადგილობრივ დემოკრატიას, არამედ ის მოიცავს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ზოგადად და ვითარების გამოსასწორებლად საქართველოს - როგორც ევროსაბჭოს, ისევე კონგრესის წევრი ქვეყნის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს.

თავის სიტყვაში დიქსონმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი, რომელზეც არ იყვნენ მიწვეული ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დამკვირვებლები. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში ვიზიტის დროს შეხვდა ყველა მხარეს: როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მან ილაპარაკა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნა-შევიწროებაზე, ღრმა პოლარიზაციასა და დიალოგის არარსებობაზე.

"ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" შესრულებაზე მონიტორინგის კომიტეტის მოთხოვნით, 2025 წლის სექტემბრის ბოლოს შედგა კონგრესის ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტი საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის შესაფასებლად, 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კონგრესის ადრინდელ მიგნებებზე დაფუძნებით, ვიზიტმა დაამტკიცა, რომ "ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია. არსებული ვითარება აჩვენებს ღრმა პოლარიზაციის, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციისა და ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მზარდი კრიმინალიზაციის საგანგაშო ნიშნებს".

დოკუმენტში აგრეთვე წერია:

"ოპოზიციური პარტიების ამკრძალავი ზომები და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ძლიერდება, სახელდობრ - შემზღუდავი კანონებით, ქონების დაყადაღებითა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით იზღუდება აზრის ღია და პლურალისტური გამოხატვა.

ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებებიც ძლიერად იზღუდება სადამსჯელო კანონმდებლობითა და ქმედებებით. მეტიც, ბოლო არჩევნების შემდეგ, ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე 20 ცვლილება შევიდა საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ ცვლილებების შედეგებს შორისაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის გამოფიტვა, გენდერული კვოტების გაუქმება, რამაც ზეგავლენა იქონია კანონის სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე".

სტიუარტ დიქსონმა არაერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნების პროცესისადმი ნდობის საკითხს და იმას, რომ 2025 წლის არჩევნები "საარჩევნო პროცესისადმი აუცილებელი ნდობის", ოპოზიციის ფართო ბოიკოტისა და "მინიმალური კონკურენციის" პირობებში ჩატარდა.

ანგარიშის ავტორმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის საქმიანობას საქართველოსთვის დახმარების სურვილი უდევს საფუძვლად და იმედი გამოთქვა, რომ მისი ქართველი კოლეგები წაიკითხავენ ანგარიშს.


რა წერია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეკომენდაციების დოკუმენტში


კონგრესი, საქართველოს დიდი ხნის პარტნიორი, შეშფოთებულია იმის ხილვით, რომ ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია და საგანგებოდ გამოყოფს შემდეგ საკითხებს:

  • ღრმა პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი დემოკრატია განიცდის სწრაფ უკუსვლას. ადგილობრივ ხელისუფლებებზე ერთპარტიულმა მმართველობამ თვითმმართველობა დე ფაქტო დაიყვანა ადმინისტრაციული „დეკონცენტრაციის“ მარტივ ფორმამდე, რომელზეც გავლენას ახდენს რეცენტრალიზაციის ტენდენციები და საჯარო მოხელეებსა და ოპოზიციურ ადგილობრივ საბჭოებზე ზეწოლა;
  • მუდამ უგულებელყოფილია კონგრესისა და ევროსაბჭოს აქტორთა მოწოდებები დემოკრატიის სტანდარტებთან დაბრუნებისკენ და არ შესრულებულა არცერთი რეკომენდაცია, რომელთა მიზანი იყო თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი პირობების აღდგენა;
  • ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყო დიალოგსა და 2025 წლის საარჩევნო პროცესისადმი აუცილებელი ნდობის შექმნას, რამაც შედეგად მოიტანა მნიშვნელოვანი ბოიკოტი, მუნიციპალიტეტების ნახევარში არჩევნები გადააქცია ერთპარტიულ შეჯიბრებად, მეორე ნაწილზე კი არის ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლაზე ბრალდებები;
  • წინა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 20-ზე მეტი ცვლილება შევიდა საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებში, ფართო კონსულტაციისა თუ პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, რამაც უკან დააბრუნა ძირითადი დებულებები და ძირი გამოუთხარა საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და კანონის სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს;
  • ხელისუფლებამ გადადგა პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯები ოპოზიციური პარტიების ასაკრძალავად, პარალელურად გაძლიერდა ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებები და სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც კიდევ უფრო ახშობს პოლიტიკურ პლურალიზმს;
  • კამპანიის დროს მტრული და შეთქმულების გამავრცელებელი რიტორიკა, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაფარვის თანხლებით, ახალგაზრდობისა და ქალების მარგინალიზაცია და მნიშვნელოვანი უთანასწორობა პარტიისა და კამპანიის დაფინანსებაში, დამაზიანებელი იყო ადგილობრივი დემოკრატიისთვის და კანდიდატებს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის კუთხით;
  • გენდერული კვოტების გაუქმების ფონზე, ამ არჩევნებმა უკან დასწია პროგრესი, რომელიც მიღწეული იყო ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით;
  • პირველად ათწლეულების განმავლობაში, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არ არსებობდა სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვება, მათ შორის - არც კონგრესის წარმომადგენელთა მიერ და დამკვირვებელთა უფლებებიც შეზღუდული იყო.
  • 2025 წლის არჩევნების კონტექსტში, კონგრესი გამოხატავს აგრეთვე ღრმა შეშფოთებას ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გამო და ხაზს უსვამს კრიტიკული და განსხვავებული ხმების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინაშე არსებულ მზარდ საფრთხეებს, დაშინების, დაპატიმრებების, მაღალი ჯარიმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით, იმ ფონზე, როცა დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ძალიან ცოტა გამოძიება წარიმართა.
  • კონგრესი თვლის, რომ ყველა ამ საკითხის კოროზიულმა ეფექტმა არ შექმნა დემოკრატიული პირობები ინკლუზიური, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და კიდევ უფრო დააშორა საქართველო ევროპულ ვალდებულებებს, კერძოდ - ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას.


აღნიშნულიდან გამომდინარე, კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • სასწრაფოდ განაახლოს პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესით, რომელიც ყველა მხარეს მოიცავს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია და აღდგეს პლურალისტური დემოკრატიისთვის აუცილებელი შეკავება და ბალანსი;
  • განახორციელოს კონგრესის შეუსრულებელი რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის მოსაზრებები, ქარტიასთან შესაბამისი, ნამდვილი ადგილობრივი დემოკრატიის აღსადგენად;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად, გააუქმოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი პრობლემური ცვლილებები და განახორციელოს ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს ფართო კონსულტაციები;
  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოპოზიციური ხმების კრიმინალიზაციის პროცესი და გააუქმოს ოპოზიციის ამკრძალავი ცვლილებები;
  • სასწრაფოდ უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილისთვის, მათ შორის გადახედოს მედიაზე წვდომის, კამპანიის დაფინანსებისა და სახელმწიფო რესურსების არასათანადოდ გამოყენების წესებს;
  • დაუყოვნებლივ აღადგინოს გენდერული კვოტა და გააძლიეროს არსებული კანონები ადგილობრივ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის გასაზრდელად;
  • გააუქმოს არჩევნებზე დაკვირვების შემზღუდავი ცვლილებები, უზრუნველყოს ყველა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ სისტემაზე შინაარსიანი დაკვირვების შესაძლებლობა და დაუბრუნდეს ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად კონგრესის სისტემატურად მიწვევის პრაქტიკას;
  • დასასრულ, როგორც ჭეშმარიტი დიალოგისთვის აუცილებელი პირობა, კონგრესი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს მთელი კანონმდებლობა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და თავი აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შემდგომში ხელს შეუშლის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეუცვლელ საქმიანობას ან ძირს გამოუთხრის ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლებს. კონგრესი აგრეთვე იძლევა რეკომენდაციას, გულდასმით იყოს გამოძიებული ცნობები დარღვევებზე ადგილობრივ დონეზე, კერძოდ, დაკავებულებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ და გათავისუფლდნენ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები.


რა წერია რეზოლუციაში

დოკუმენტში ხაზგასმულია:

"ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერასა და დაცვაში, არა მხოლოდ საკუთრივ ადგილობრივ თემებში, არამედ როგორც შეკავებისა და ბალანსის სისტემის ნაწილი, რაც წარმოადგენს ჭეშმარიტი პლურალისტური დემოკრატიის ხერხემალს. ის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დაცული და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფაში ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვისთვის, აგრეთვე ეს არის სივრცე ოპოზიციისთვისაც, რაც არის აუცილებელი პლურალისტური დემოკრატიისთვის".

კონგრესი კვლავაც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის გამო, ხაზს უსვამს დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლას, ძლიერ პოლარიზაციას, ერთი პარტიის მმართველობას ადგილობრივ ხელისუფლებებში და დემოკრატიული სტანდარტების აღსადგენად ადრინდელ რეკომენდაციებზე უმოქმედობას.

"კონგრესი გმობს ფაქტს, რომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გავლენა იქონია პოლიტიკური დიალოგისა და კონკურენციის არარსებობამ, ფართომასშტაბიანმა ბოიკოტმა, საარჩევნო კანონის ხშირმა და პრობლემურმა ცვლილებებმა, ქალების დაბალმა რეპრეზენტაციამ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კანდიდატების აკრძალვის, დაშინებისა და დაპატიმრების მცდელობებმა. კონგრესი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ განსხვავებული ხმები, კერძოდ - ახალგაზრდობა, სამოქალაქო საზოგადოება და მედია - სულ უფრო მეტად არიან ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი დაშინების, დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პირისპირ".

რეზოლუციაშიც მეორდება სანდო სადამკვირვებლო მისიის არარსებობა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე და ისიც, რომ ამ არჩევნებმა საქართველო დააშორა ევროპულ ვალდებულებებს.

აღნიშნულის ფონზე, კონგრესი:

  • მონიტორინგის კომიტეტს აძლევს მითითებას, სასწრაფოდ დაგეგმოს ვიზიტი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულებაზე მონიტორინგისთვის;
  • მოუწოდებს მონიტორინგის კომიტეტს, გააგრძელოს თემატური საქმიანობა თავისუფალი არჩევნების გარანტიების განსახილველად, რომელიც შეეხება ადგილობრივ და რეგიონულ საარჩევნო პროცესებს და შეაფასოს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსი, დემოკრატიის შესახებ ევროსაბჭოს ახალი პაქტის პრიორიტეტების გათვალისწინებით;
  • მოუწოდებს კონგრესის ბიუროსა და მონიტორინგის კომიტეტს, განაგრძოს მსჯელობა საქართველოში ადგილობრივ დემოკრატიაზე მანამდე, სანამ 2025 წლის რეკომენდაცია 526 (საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობაზე) და თანდართული რეკომენდაციები სრულად არ განხორციელდება;
  • კონგრესი თანახმაა, გააგრძელოს საქართველოსთვის ევროსაბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მხარდაჭერა, გამიზნული სათანამშრომლო პროექტებით და მოითხოვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქართველოს ეროვნულმა ასოციაციამ იმუშაოს, როგორც სრულფასოვანმა შუამავალმა საჭიროებებისა და გამოწვევების გამოსავლენად ადგილობრივ დონეზე.


ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი არის პოლიტიკური ასამბლეა, რომელიც აერთიანებს 612 წევრს, რომლებიც წარმოადგენენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს. კონგრესის ერთ-ერთ სამოქმედო პრიორიტეტია სადამკვირვებლო მისიების განხორციელება ადგილობრივ არჩევნებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG