Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი დაბრუნდა სამშობლოში სახმელეთო საზღვრის გავლით

ჯაფარ ფანაჰი
ჯაფარ ფანაჰი

რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ინფორმაციით, ცნობილი მწერალი და რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი ირანში 29 მარტს დაბრუნდა თურქეთთან ამ ქვეყნის დამაკავშირებელი - ბაზარგანის გამშვები პუნქტის - სახმელეთო საზღვრის გავლით.

ფანაჰიმ ბოლო თვეები ევროპასა და ამერიკაში გაატარა, რაც მისი ბოლო ფილმის, „ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო“ (It Was Just an Accident) ჩვენებებს დაემთხვა. ფილმმა კანის კინოფესტივალზე "ოქროს პალმის რტოს" ჯილდო მოიპოვა და "ოსკარის" ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა ამერიკიდან ხელცარიელი დაბრუნდა.

ჯაფარ ფანაჰიმ, ირანის მთავრობის მოწინააღმდეგემ, მანამდე განაცხადა, რომ სამშობლოში სამუშაოს დასრულების შემდეგ დაბრუნდებოდა. გასულ წელს, ქვეყნის დატოვების 14-წლიანი აკრძალვის შემდეგ, მას ირანიდან გამგზავრების ნება დართეს.

ოთხი თვის წინ, ფანაჰის თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.

სამშობლოში დაპატიმრების საშიშროების დიდი ალბათობის მიუხედავად, ჟურნალისტებთან საუბარში ფანაჰიმ ადრე თქვა, რომ თეირანში დაბრუნდებოდა.

ის თავისი შემოქმედებისთვის ირანში ორჯერ დააპატიმრეს.
პირველად, 2010 წელს მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეჟისორს არასამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერა და "სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდის შექმნა" ედებოდა ბრალად. ფანაჰის 2 თვის შემდეგ სასჯელი პირობითი პატიმრობით შეუცვალეს, გარდა ამისა, აუკრძალეს ფილმების გადაღება და ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

პატიმრობის განაჩენის და ორი წლის განმავლობაში ქვეყნის დატოვების აკრძალვის მიუხედავად, ჯაფარ ფანაჰი განაცხადა, რომ 15 მარტს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდებოდა.

„ეს ჩემი სახლია და ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები“, - უთხრა მან AFP-ს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG