დრონებით თავდასხმა 1 აპრილს საღამოს დაიწყო და 2 აპრილის დილამდე გაგრძელდა.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ენერგოობიექტების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა ოდესის, ხარკოვის, სუმის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ჩერკასის ოლქების მომხმარებელთა ნაწილს.
უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს ცნობით, დრონებით შეტევა იყო ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. ოდესის რაიონში დაზიანებულია პორტის საწყობები, ანგარები და ადმინისტრაციული შენობები. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცობით, დაზიანდა სულ მცირე ორი სახლიც.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი, მათ შორის ბავშვი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვის რაიონში. დაზიანებულია ათამდე მრავალბინიანი და კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა, სავაჭრო კომპლექსი და ავტობუსები. სამრეწველო ობიექტი დაზიანდა პავლოგრადის რაიონში.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ორი ქალი დაშავდა ქალაქ ჩუგუევში. ერთ-ერთ სახლში დამწვარია ბინები მეორიდან მეოთხე სართულის ჩათვლით. დაზიანებულია კიდევ ხუთი საცხოვრებელი კორპუსი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 2 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 1 აპრილის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 172 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 147 დრონის მოგერიება და 22-თ პირდაპირი დარტყმა 12 ადგილზე.
2 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სტანდარტული შინაარსის ტექსტი, რომ უკრაინაში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის ობიექტებს და ენერგეტიკის, სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების „ინტერესებისთვის გამოიყენება".
ფორუმი