Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ უფაში დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაიონზე

ფოტო არქივიდან. ნავთობკომპანია „ბაშნეფტის” ქარხანა ქალაქ უფაში
ფოტო არქივიდან. ნავთობკომპანია „ბაშნეფტის” ქარხანა ქალაქ უფაში

2 აპრილს აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქ უფის იმ რაიონში, სადაც ნავთობკომპანია „ბაშნეფტის” ქარხნებია. ეს კომპანია რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიის, „როსნეფტის” შემადგენლობაშია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უფაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო.

ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა რომ „უფაზე ტერორისტული შეტევაა”. ხაბიროვის თანახმად, რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან მიახლოებისას, ნამსხვრევები სამრეწველო ზონაში ჩამოცვივდა და ხანძარი გაჩნდა.

ხაბიროვის ცნობითვე, ერთი დრონი მოხვდა გაფურის ქუჩაზე მდებარე სახლს, სადაც ხანძარი ლიკვიდირებულია. ბაშკირეთის მეთაურის თანახმად, არავინ დაშავებულა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ უფაზე დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილში”, რომელიც ბენზინს, დიზელს, საავიაციო და რეაქტიულ საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და მისი სიმძლავრე წელიწადში 7,3 მილიონი ტონაა. ამ ქარხანასთან მდებარეობს „ბაშნეფტის” კიდევ ორი ქარხანა.

ASTRA-ს ცნობითვე, საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც დრონებით შეტევისას ხანძარი გაჩნდა, მდებარეობს რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის” ქარხანა, რომელიც გამანადგურებლების კომპონენტებს აწარმოებს.

უკრაინას უფაზე შეტევისა და მისი სამიზნეების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

2025 წლის სექტემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბაშკირეთის ქალაქ სალავატში ორჯერ დაარტყეს კომპანია „გაზპრომის" ქარხანას.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და პორტებზე, საიდანაც ნავთობის ექსპორტი ხდება უკრაინის შეტევის მორიგი ეტაპი ემთხვევა პერიოდს, როცა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაბლოკვამ მსოფლიო ბაზარზე საწვავის მიწოდების პრობლემა და ნავთობის გაძვირება გამოიწვია და რუსეთს თავისი პროდუქციის მეტად გასაღების საშუალება შეუქმნა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG