Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში იმყოფება - რა ითქვა პეტერ პელეგრინისთან ერთობლივ ბრიფინგზე

მარცხნიდან: მიხეილ ყაველაშვილი და პეტერ პელეგრინი
მარცხნიდან: მიხეილ ყაველაშვილი და პეტერ პელეგრინი

ბრატისლავაში ვიზიტით მყოფმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკ კოლეგასთან პეტერ პელეგრინისთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობაზე და შუა დერეფანში საქართველოს როლზე.

რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომის მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. თუმცა, მისი სიტყვებით "სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებით".

„საქართველო ერთგულია ღირებულებების. ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანა არის სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს. ჩვენი ხალხიც იმედიანად შესცქერის სლოვაკეთის პოზიციონირებას ევროკავშირში, რადგან კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა დაცული უნდა იყოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია პრეზიდენტად 2024 წლის ბოლოს.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები "ჩვენ არ შეგვიჩერებია" და "ყოველთვის მზად ვართ სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე".

"სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია, ამ ეტაპისთვის, განსხვავებულად იქცევა, თუმცა იმედს გვაძლევენ ის ქვეყნები, რომლის ჩამონათვალი მცირეა, მათ შორის სლოვაკეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპები გააჩნია და მუდმივად მხარდაჭერა აქვს მათი მხრიდან საქართველოს", - თქვა ყაველაშვილმა.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადებამდეც და შემდეგ პერიოდშიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გაცხადებულ მიზანს.
არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.

მიხეილ ყაველაშვილის თანახმად, ჰქონდა შესაძლებლობა აეხსნა "უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოზე".

"პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას, რასაც პრინციპულად დაუდგა ჩვენი ხალხი და ხელისუფლება და პრინციპში, შედეგში აისახა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და ევროპელმა ხალხმაც, სლოვაკმა ხალხმაც, ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ შედეგით, კიდევ მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო ამ პრინციპების ერთგული, ამ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც სლოვაკეთი და საქართველო აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა და იქნებოდა აბსოლუტურად სხვა შედეგი", - თქვა ყაველაშვილმა, და დასძინა, რომ "ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციას სამშვიდობო მიმართულებით, ვხედავთ რომ ამას მოაქვს შედეგი - ჯერჯერობით ცოტანი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამრავლდება იმ ქვეყნების რიცხვი ვინც ამ პრინციპებს დაიცავს, იმიტომ რომ სამყარო არ არის ასე მარტივად მოწყობილი, ყველაფრისთვის - თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო".

რა თქვა პეტერ პელეგრინიმ

სლოვაკეთის პრეზიდენტის სიტყვებით, ქართველ კოლეგასთან ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს.

"ბრატისლავა და სლოვაკეთი გახლავთ ადგილი სადაც შეიძლება გადაწყვეტილებები ვეძებოთ. ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის. დიპლომატიისთვის. რომელიც საჭიროა იმისთვის რომ შეიქმნას ნდობა ერებს და სახელმწიფოებს შორის", - თქვა პელეგრინიმ, ერთობლივი პრესკონფერენციის ქართულენოვანი თარგმანის მიხედვით.

პელეგრინის თქმით, მისი "ერთ-ერთი პრიორიტეტი საერთაშორისო პოლიტიკაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაა", რასთან დაკავშირებითაც "ღიად ისაუბრა" კოლეგასთან.

"არიან ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ისინი მუშაობენ რეფორმებზე, რათა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. მეორე მხრივ, გაფართოება რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება ნებისმიერი ქვეყნისა, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები. ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ დაინახავს თავის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ღიად განვიხილეთ აღნიშნული თემები ბატონ პრეზიდენტთან," - თქვა სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ.

მისივე სიტყვებით "დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი გახდა დიდი ევროპული ბაზრის ნაწილი და წევრი განვითარებული ევროპული ოჯახისა, მოხარული ვარ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიფიკაციას განიცდის პოლიტიკურ დონეზე".

პელეგრინიმ ხაზი გაისვა ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისა და ომს უკრაინაში, და პროცესების გავლენას სლოვაკეთის ეკონომიკაზე.

"ირანის ომი რამდენიმე კვირაში თუ არ დასრულდება, მას ექნება უზარმაზარი გავლენა არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ, როგორც სლოვაკეთის ეროვნული ბანკიდან მოვისმინეთ, შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს სლოვაკეთის ეკონომიკაზეც. კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, სლოვაკეთში, შეიძლება, 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა მოხდეს... დიპლომატიით როგორც ვცდილობდით უკრაინაში კონფლიქტის, საომარი მოქმედებების მოგვარებას, იმავეს ვაკეთებთ ირანის მიმართებით. გვინდა, დიპლომატია იყოს ჩართული, მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება, სხვა შემთხვევაში ვიხილავთ კონფლიქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რაც შეიძლება იყოს საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის“, - პეტერ პელეგრინიმ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად,რომლის შემადგენლობაშიც არიან, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ზოგადი კონტექსტი

  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები გაყალბებულს უწოდებენ, ხელისუფლებაში მესამე ვადით მყოფ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტები გაუიშვიათდათ. ამ მხრივ გამონაკლისია სლოვაკეთი და უნგრეთი.
  • იმაზე პასუხად, რასაც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებს, ევროკავშირს 2025 წლის იანვრიდან უკვე შეჩერებული აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. თუმცა, ამის მიუხედავად, დირექტივა ბლოკის ყველა წევრს არ შეუსრულებია, - მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს.
  • ბრიუსელი, - რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, ემხრობა ფინანსური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის, - ამას ვერ ახერხებს. მიზეზი არის კონსენსუსის წესი - ფინანსური სანქციების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ხოლო, სულ მცირე, უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგობას სწევენ;
  • უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტები შეინარჩუნეს უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეების ინტერესთა მოტივით, უარი არ თქვეს რუსული ენერგომატარებლების შეძენაზე.
  • ამ პოლიტიკის გამო უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებს ხშირად ახასიათებენ, როგორც პრორუსულს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG