Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის მნიშვნელოვანი ხიდის დაბომბვის შემდეგ ტრამპი ირანს სრული განადგურებით დაემუქრა

2 აპრილს თეირანში დაიბომბა ხიდი, რომელიც ირანის დედაქალაქს აკავშირებს ქალაქ ყარაჯთან.
2 აპრილს თეირანში დაიბომბა ხიდი, რომელიც ირანის დედაქალაქს აკავშირებს ქალაქ ყარაჯთან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს კიდევ უფრო ძლიერი და მასშტაბური დარტყმებით დაემუქრა, თუ თეირანი შეთანხმებაზე უარს იტყვის.

2 აპრილს თეირანში დაიბომბა ხიდი, რომელიც ირანის დედაქალაქს აკავშირებს ქალაქ ყარაჯთან. სახელმწიფო მედია ამ ხიდს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მაღალ ხიდს უწოდებს.

ირანის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი და 95 დაიჭრა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

განახლება: რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში 3 აპრილს განუცხადეს, რომ ხიდს დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ტვირთების მარშრუტის ლიკვიდაციის მიზნით. ირანის სახელმწიფო მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ხიდის მშენებლობა ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის და არ გამოიყენებოდა სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს აფეთქება და ხიდის ნგრევა და დაწერა, რომ „წინ კიდევ ბევრი რამაა“ და სანამ ძალიან გვიან არ არის, ირანმა გარიგება უნდა დადოს.

დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ირანის შესახებ გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ამერიკულ არმიას ჯერ არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანს დარჩა და ხიდების გარდა რიგში ელექტროსადგურებია. ტრამპის თანახმად, ირანის ახალმა რეჟიმმა იცის, რაც უნდა გააკეთოს, თან სწრაფად.

  • მარტის ბოლოს დასავლეთის და ისრაელის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს პაკისტანის შუამავლობით გადასცა 15 პირობა, მათ შორის ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვა და ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელთა შესრულების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ირანმა ეს უარყო და თავისი პირობები წამოაყენა. მათ შორის აგრესიის სრულად შეწყვეტა, ომის განუახლებლობის გარანტიები და ზარალის კომპენსაცია.

1 აპრილს, ამერიკელებისადმი სატელევიზიო მიმართვისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანში სტრატეგიული ამოცანების შესრულება დასასრულს უახლოვდება და სამხედრო ოპერაცია „ძალიან მალე“ დასრულდება.

ტრამპის თანახმად, ირანზე ძლიერი დარტყმები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და აპირებენ ირანი „დააბრუნონ ქვის ხანაში“.

დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ სამხედრო ოპერაცია იყო ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთის ერთადერთი საშუალება. თავად ირანის ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი, სამოქალაქო მიზნები აქვს.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს ლიკვიდირებული იყო ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.



ფორუმი

XS
SM
MD
LG