Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ამერიკელებს აცნობა, რომ ირანში ოპერაცია „ძალიან მალე" დასრულდება

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს თეთრი სახლიდან 1 აპრილს მიმართა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს თეთრი სახლიდან 1 აპრილს მიმართა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება, ირანს კი „ქვის ხანაში დაბრუნებას“ დაჰპირდა. ტრამპმა ამერიკელებს თეთრი სახლიდან მიმართა სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ.

რა თქვა ტრამპმა

სატელევიზიო მიმართვისას, რომელიც ვაშინგტონის დროით 1 აპრილის საღამოს ცხრა საათისთვის დაიწყო, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ილაპარაკა ირანში ამერიკული ჯარების გამარჯვებაზე და განაცხადა, რომ სტრატეგიული ამოცანების შესრულება დასასრულს უახლოვდება და სამხედრო ოპერაცია „ძალიან მალე“ დასრულდება.

ტრამპის თანახმად, ირანზე ძლიერი დარტყმები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, აპირებენ ირანი „დააბრუნონ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია“.

ამერიკელებისადმი მიმართვისას ტრამპი იცავდა თავის გადაწყვეტილებას, სამხედრო ოპერაცია დაეწყო ირანის წინააღმდეგ. მან ისევ გაიმეორა, რომ ეს იყო ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთის ერთადერთი საშუალება. თავად ირანის ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი, სამოქალაქო მიზნები აქვს.

დონალდ ტრამპმა, რომელიც 22 მარტს ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათში ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნიდა, შემდეგ კი ულტიმატუმის ვადა ორჯერ გაახანგრძლივა, 1 აპრილს განაცხადა, რომ თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის, ელექტროსადგურებს დაარტყამენ. ტრამპმა ისიც თქვა, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტე არ სჭირდება და ქვეყნებმა, რომლებიც ამ მარშრუტზე არიან დამოკიდებული, გამბედაობა უნდა გამოიჩინონ და სრუტე გახსნან.

ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიო ბაზარს მიეწოდება ნავთობის და გაზის დაახლოებით 20%. აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის მიერ სრუტის დაბლოკვამ მიწოდების პრობლემა შექმნა და საწვავის გაძვირება გამოიწვია. ტრამპი საწვავის გაძვირებას მოკლევადიანს უწოდებს.

ირანის პოზიცია

ირანის ხელისუფლება, რომელიც აშშ-სა და ისრაელს სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს, საომარი მოქმედებების დასრულების უმთავრეს პირობად ასახელებს მყარ გარანტიას, რომ თავდასხმა აღარ განმეორდება.

ირანის ეს პოზიცია პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა 31 მარტს, სატელეფონო საუბრისას გააცნო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ არაბულ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ ომის დასასრულებლად თეირანის ერთ-ერთი მთავარი პირობაა მშვიდობის დამყარება მთელ რეგიონში.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.

ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის კრიტიკოსთა შეფასებით, ომი კონტროლიდან გადის, მთელ ახლო აღმოსავლეთზე ვრცელდება და იწვევს ენერგოკრიზისს, რომელიც ფასებს ზრდის მთელ მსოფლიოში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG