ირანის ინგლისურენოვანმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ირანი ომს დაასრულებს მაშინ, როცა თავად გადაწყვეტს, მხოლოდ საკუთარი პირობების შესრულების შემთხვევაში და დონალდ ტრამპს არ მისცემს უფლებას, ომის დასრულების ვადები უკარნახოს.
სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა აშშ-ის წინადადების განხილვაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მშვიდობა მხოლოდ მისი პირობებითაა შესაძლებელი.
თეირანმა პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით აშშ-ს შეატყობინა, რომ 15-პუნქტიანი გეგმა ამ ეტაპზე განხილვას არ ექვემდებარება.
რა გეგმაზეა საუბარი
აშშ-ის 15-პუნქტიან გეგმაზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 24 მარტს წერდა რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის ამერიკული გამოცემა The New York Times-ი და ისრაელის ტელეკომპანია Channel 12.
ამ ცნობების მიხედვით, ამერიკული გემა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის განახლებას, ბირთვული იარაღის შექმნასა და ურანის გამდიდრებაზე ირანის უარს, რაკეტების წარმოების შეზღუდვას, რაკეტების მოქმედების მანძილის შემცირებას და მათ გამოყენებას მხოლოდ თავდაცვისთვის, ირანის მიერ ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსების შეწყვეტას და საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნას.
მედიასაშუალებების, მათ შორის სააგენტო AFP-ის წყაროთა ცნობით, ვაშინგტონმა თეირანს გეგმა პაკისტანის მეშვეობით გადასცა.
სააგენტო Reuters-ის და გამოცემა The Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, თავად ირანის მოთხოვნებია აგრესიის სრულად შეწყვეტა, ომის განუახლებლობის გარანტიები, ზარალის კომპენსაცია, ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის აღიარება, რეგიონში ამერიკული ბაზების დახურვა, ბირთვული პროგრამის შენარჩუნება, სანქციების მოხსნა და ისრაელის მიერ ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე დარტყმების შეწყვეტა. აშშ ამ პირობებს არარეალისტურს უწოდებს.
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებია.
- თეირანმა მოლაპარაკების ფაქტი უარყო. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბა არაყჩიმ დაადასტურა, რომ განიხილავდნენ პაკისტანის შუამავლობით მიღებულ წინადადებებს.
25 მარტს, ვაშინგტონში რესპუბლიკელების საარჩევნო ღონისძიებაზე გამოსვლისას ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ ირანელები მოლაპარაკებას აწარმოებენ და შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ ეშინიათ, რომ ეს თქვან.
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
ფორუმი