უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 2 აპრილის ღამიდან და 3 აპრილს დილით მასირებული შეტევა იყო უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით და მართვადი ავიაბომბებით. მიმდინარეობდა საარტილერიო შეტევაც.
უკრაინის საგანგებო სუტიაციების სამსახურის, საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციებისა და პოლიციის მიერ 3 აპრილს გავრცელებული ცნობებით:
- კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დაიღუპა ერთი ადამიანი. ბუჩის, ობუხოვის და ფასტოვის რაიონებში დაზიანებულია სახლები და ადმინისტრაციული შენობები. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
- ხერსონში დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 18, მათ შორის ერთი ბავშვი. დაზიანებულია 3 მრავალბინიანი და 12 კერძო სახლი. ერთ-ერთი დრონის აფეთქებამ დააზიანა სამგზავრო მიკროავტობუსი, სადაც 9 ადამიანი დაშავდა.
- ორი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა სუმის ოლქში. შოსტკის რაიონში დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები. ქალაქ სუმიში დრონი სავაჭრო ცენტრს მოხვდა.
- ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა ქალაქ ხარკოვში. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. ქალაქ ხარკოვში და ხარკოვის ოლქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სახლები, სამოქალაქო საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მაღაზიები.
- ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა ჟიტომირის ოლქში.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ცნობით, დრონებით და არტილერიით შეტევის შედეგად ენერგოობიექტების დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
განახლება: 3 აპრილს, დღის მეორე ნახევარში უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 542 უპილოტო საფრენი აპარატით და 10 ბალისტიკური(ისკანდერ-მ) და 27 ფრთოსანი რაკეტით.
უკრაინული სარდლობის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დღის ორი საათისთვის დადასტურებული იყო 26 რუსული რაკეტისა და 515 დრონის მოგერიება და 11 რაკეტით და 27 დრონით პირდაპირი დარტყმა ოც ადგილზე.
დრონებით შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზეც. თავდაცვის სამინისტრომ 3 აპრილს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 192 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, რეგიონების ჩამონათვალში არ იყო ლენინგრადის ოლქი, სადაც გუბერნატორ დროზდენკოს ინფორმაციით, ვსევოლოჟის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამცვენის შედეგად, საჰაერო თავდაცვამ კი სულ 7 უპილოტო აპარატი ჩამოაგდო.
დროზდენკოს თანახმად, დრონებით შეტევა იყო დაბა მოროზოვის სამრეწველო ზონაზე, სადაც ერთი შენობა დაზიანდა. რომელი, გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია.
ფორუმი