ქარხანაზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის” შემადგენლობაში მყოფი კომპანია „ბაშნეფტი“ მართავს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 2 აპრილს იყო.
უკრაინის გენშტაბის მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1400 კილომეტრში მდებარე ქარხანაზე დარტყმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ 2 აპრილს დილით განაცხადა, რომ უფაში დრონებით შეტევა იყო იმ რაიონზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული გამოცემა ASTRA 2 აპრილს წერდა, რომ დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილში”, რომელიც ბენზინს, დიზელს, საავიაციო და რეაქტიულ საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და მისი სიმძლავრე წელიწადში 7,3 მილიონი ტონაა. ამ ქარხანასთან მდებარეობს „ბაშნეფტის” კიდევ ორი ქარხანა.
- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი