Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირაო შეეფარდათ უფასო სასადილოების თანხებით თაღლითობაში ბრალდებულებს - მათ დანაშაული აღიარეს

უფასო სასადილოს ერთი კვების მენიუ
უფასო სასადილოს ერთი კვების მენიუ

მოკლედ

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ გირაო შეუფარდა ბრალდებულებს, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახური თბილისის უფასო სასადილოებიდან 3,5 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავება თაღლითური გზით.
  • ხუთივე ბრალდებულმა, რომლებსაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დანაშაული აღიარა.
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორ, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორს კი, 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები 2024, 2025 და 2025 წლებში ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

4 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მზადყოფნა გამოთქვეს რომ ზიანსაც აანაზღაურებენ და გამოძიებასთანაც ითანამშრომლებენ, პროკურატურა საპატიმრო გირაოს დაეთანხმა.

"არც კვება და არც ხარისხი არ იყო დაკლებული, ხელოვნურად ვზრდიდით ბენეფიციარების რაოდენობას, მაგალითად 10-ის ნაცვლად 11 ვწერდით, რომ მოგება მეტი ყოფილიყო, ტენდერი ჩვენი მოგებული იყო. ვაღიარებ დანაშაულს. პირველი წამიდან ვითანამშრომლე გამოძიებასთან, მაქსიმუმ 4 თვეში ავანაზღაურებ ზიანს", - რეზო ალადაშვილის ამ კომენტარს სასამართლოდან ტვ პირველი ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე მერიის კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ ისინი მიღება-ჩაბარების აქტებში ნამდვილად წერდნენ, რომ რეალურზე მეტ ბენეფიციარს უწევდნენ კვებით მომსახურებას და დარჩენილ თანხას ითვისებდნენ.

შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორის გარდა დაკავებულია შპს „გიდის“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონის“ ხელმძღვანელები.



ფორუმი

XS
SM
MD
LG