ორგანიზაცია მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, ჟურნალისტთან ხანგრძლივი კომუნიკაცია მოგვიანებით არის დაგეგმილი.
„მნიშვნელოვანია, მოვლენებს დავაკვირდეთ ძალიან მჭიდროდ. შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის შეკერვა.
ამ მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ენდო ავტოკრატებს“, - აცხადებს მიქელაძე და დასძენს, რომ უახლოეს პერიოდში გაირკვევა, სადიგოვს მისცემენ თუ არა ქვეყნის დატოვების უფლებას.
მისი ცოლი, სევინჯ სადიგოვა ფიქრობს, რომ მის ქმარს “ახლა შესაძლოა არა მხოლოდ დაპატიმრება, არამედ სიკვდილიც ემუქრებოდეს”.
“ჩვენ ვიცით რეალობა და ამას ვწერთ, რომ ყველამ იცოდეს. ივანიშვილმა და ალიევმა გაანადგურეს არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი ოჯახი. ეს არის უკანონობა.
ნეტავ, რა მზაკვრული გეგმა მოამზადა ხელისუფლებამ აფგან სადიგოვისთვის, როგორ მოხდება მისი დაპატიმრება და რა ელოდება მას?”
აზებრაიჯანელი ჟურნალისტის გაძევება
დღეს, 5 აპრილს, დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.
ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
სასამართლო სხდომა
სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მალევე დაინიშნა. საქმე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს დაეწერა.
გადაწყვეტილება დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა.
შსს-ს ცნობით, მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.
ამ გადაწყვეტილებასა და მის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
სასამართლოს უარი
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასამართლოში ითხოვდნენ, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორისთვის ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მანამდეც დაუყენებიათ:
„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა... ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის“.
სადიგოვი თბილისში
აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.
ფორუმი