Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური ალიანსი და ზურაბიშვილი სადიგოვის საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების როლზე საუბრობენ

აფგან სადიგოვი
აფგან სადიგოვი

ცხრა ოპოზიციური პარტია და მეხუთე პრეზიდენტი აზერბაიჯანელის ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან სამშობლოში იძულებით დაბრუნებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევად მიიჩნევენ.

„ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ოპოზიციურ ალიანსს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის გადაწყვეტილება ჰგონია ჟურნალისტის საქართველოდან გაძევება:

„რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო“.

ოპოზიციურ ალიანსში შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ფედერალისტები“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი - მეტი თავისუფლება“; „დროა“; „ევროპული საქართველო“; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; „თავისუფლების მოედანი“.

ყოფილი პრეზიდენტიც და ოპოზიციური პარტიებიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, დააკვირდნენ სადიგოვის გაძევების საქმეს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა “ლელო - ძლიერმა საქართველომ” და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისთვის ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და საერთაშორისო სამართალი მხოლოდ დეკლარაციაა და არა ვალდებულება”.

"ქართული ოცნება" ქვეყნის სუვერენიტეტზე მხოლოდ მაშინ საუბრობს მაღალი ტრიბუნებიდან, როცა სურს გაამართლოს მისი არადემოკრატიული ნაბიჯები. სინამდვილეში კი, როცა მას სჭირდება, მაშინ სრულად უგულებელყოფს საქართველოს დემოკრატიულ და ეროვნულ ინტერესებს”, - წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაძევება

დღეს, 5 აპრილს, დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.

ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

სასამართლო სხდომა

სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მალევე დაინიშნა. საქმე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს დაეწერა.

გადაწყვეტილება დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა.

შსს-ს ცნობით, მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.

ამ გადაწყვეტილებასა და მის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:

„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.

სასამართლოს უარი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასამართლოში ითხოვდნენ, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორისთვის ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მანამდეც დაუყენებიათ:

„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა... ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის“.

სადიგოვი თბილისში

აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.

სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG