Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტს დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას - „ლელო - ძლიერი საქართველო“

მამუკა ხაზარაძე ანაკლიაში, პარტია „ლელოს“ პრეზენტაციისას. 2019 წლის 12 სექტემბერი
მამუკა ხაზარაძე ანაკლიაში, პარტია „ლელოს“ პრეზენტაციისას. 2019 წლის 12 სექტემბერი

ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, - რომლის 49%-იანი წილიც, თბილისის ცნობით, ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა უნდა ჩაიბაროს, - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი ეწოდოს.

სამშაბათს, 7 აპრილს, პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა:

„მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს „ტრამპის გზის“ [TRIPP-ის] კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას“.

კუპრაძის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ, - რაც აშშ-ის მედიაციით შედგა, - ამიერკავკასიაში გაჩნდა „უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა „ტრამპის გზა“ [TRIPP-ი]“.

„ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს, ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებით, რაც იქნება „ტრამპის გზის“ ლოგიკური გაგრძელება“, - განაცხადა მან.

ირაკლი კუპრაძის განცხადებითვე, ანაკლიის პორტი „მასშტაბური იდეაა, რომელიც შეერთებული შტატების და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია“.

„საჭიროა ანაკლიის პროექტის რეალური განხორციელება და არა იმიტირებული პროცესი“, - თქვა მან და დასძინა, რომ პორტის აშენება უპირველეს ეროვნულ პრიორიტეტად უნდა გამოცხადდეს.

„ანაკლიის პროექტი და ყველა დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რათა არ დავუშვათ, რაც მოხდა არაბული ყალბი ინვესტიციის შემთხვევაში“, - თქვა მან.

7 აპრილის 17:30 საათის მდგომარეობით, ინიციატივას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან.

  • თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო. სწორედ იმ წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება გაწყვიტა.
  • "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" [ADC], რომელმაც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წელს დაკარგა, შედიოდნენ:
  • „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი), Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), Conti International-ი (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.
  • პროექტის სათავეში იყვნენ „ლელოს“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
  • მაშინ ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. თავად კონსორციუმი კი სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე ლაპარაკობდა. ამ საქმეზე სახელმწიფომ ორი საარბიტრაჟო დავა მოიგო.
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.
  • 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
  • თუმცა ამ დროის მონაცემებით, ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG