ბიძინა ივანიშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვით მოხსენიების შემდეგ, მას პოლიციამ ხელი ჩაავლო და ე.წ. დაკავების ავტომობილში ჩასვა. მისი ვინაობა უცნობია.
განახლება: თავდაპირველად პოლიციელებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ კაცი ადგილიდან „გაარიდეს“, მოგვიანებით კი შსს-ს პრესსამსახურში განმარტეს, რომ ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.
დღეს 9 აპრილის მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა - მივიდნენ მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ წელიწადზე მეტია აქციებს მართავენ და ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღეს დილით პარლამენტთან კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - აქციის მონაწილე, შაკო ბაღდოშვილი.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალთან
პოლიტიკოსების გამოჩენამდე ადგილზე მიიყვანეს პოლიცია და საპატიო ყარაულით მოაწყვეს სპეციალური დერეფანი. ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენის დროს დემონსტრანტები, რომლებსაც პოლიცია გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, ყვიროდნენ: „მონებო“, „რუსებო“.
მემორიალთან მივიდნენ:
- პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი;
- პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
- საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
- თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
- სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
- სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში - თეა ახვლედიანი;
- პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი;
- „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
როგორც წესი, მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ პოლიტიკოსები მედიისთვის კომენტარს აკეთებენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი ჟურნალისტებთან არ გაჩერებულან.
გასულ 2025 წელს, ამავე ადგილზე იდგნენ დემონსტრანტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ მისულან, მოგვიანებით თქვეს, რომ ესკალაცია აიცილეს თავიდან.
„ესენი არიან ადამიანები [9 აპრილს დაღუპულები], რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამას. ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც ყველას ყველაფერი გვიღირს...
ესენი არიან ადამიანები [ხელისუფლება], რომლებიც საქართველოს ყიდიან... ეს მემორიალია ის, სადაც ვერ უნდა მოვიდნენ და ვერ უნდა მიდიოდნენ. ნათელია, რამდენი პოლიციელი სჭირდებათ აქ მისასვლელად“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებზე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა მემორიალთან.
9 აპრილის შესახებ
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
დილიდან მემორიალს ყვავილებით ამკობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები:
- აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი;
- ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი;
- ესტონეთის, პოლონეთისა და ლატვიის საელჩოების წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.
დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
ამავე დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
ფორუმი