პოლიცია ცდილობს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლოს და არ მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციამ შემაღლებული ადგილებიდან იძულებით ჩამოიყვანა.
„ესენი არიან ადამიანები [9 აპრილს დაღუპულები], რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამას. ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც ყველას ყველაფერი გვიღირს...
ესენი არიან ადამიანები [ხელისუფლება], რომლებიც საქართველოს ყიდიან... ეს მემორიალია ის, სადაც ვერ უნდა მოვიდნენ და ვერ უნდა მიდიოდნენ. ნათელია, რამდენი პოლიციელი სჭირდებათ აქ მისასვლელად“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
სპეციალურად ხელისუფლების დასახვედრად, საპატიო ყარაულის დერეფანია მოწყობილი.
„კორიდორი გაუკეთეთ“, „მონები“, „სიკვდილი რუსებს“, „არ უტყდებათ, რომ პოლიციის დახმარებით მოდიან?“ - ისმის შეძახილები.
გასულ 2025 წელს, ამავე ადგილზე იდგნენ დემონსტრანტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ მისულან, მოგვიანებით თქვეს, რომ ესკალაცია აიცილეს თავიდან.
რადიო თავისუფლების ცნობით, დააკავეს ერთი ადამიანი. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.
დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
ამავე დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
ფორუმი