Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მონებო“, „რუსებო“ - ამ შეძახილებით დახვდნენ 9 აპრილის მემორიალთან მისულ ხელისუფლებას

ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი
ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. პოლიციამ იქ მყოფ დემონსტრანტებს მათთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

„მონებო“, „რუსებო“, - ისმოდა შეძახილები მათი გამოჩენის დროს.

მემორიალთან მივიდნენ:

  • პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი;
  • პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში - თეა ახვლედიანი;
  • პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი;
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

როგორც წესი, მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ პოლიტიკოსები მედიისთვის კომენტარს აკეთებენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი ჟურნალისტებთან არ გაჩერებულან.

  • მიხეილ ყაველაშვილმა „ფეისბუკში“ დაწერა, რომ „9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია - ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდ გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა“;
  • შალვა პაპუაშვილის თქმით, „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს“.

გასულ 2025 წელს, ამავე ადგილზე იდგნენ დემონსტრანტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ მისულან, მოგვიანებით თქვეს, რომ ესკალაცია აიცილეს თავიდან.

მემორიალთან პოლიტიკოსების გამოჩენამდე, ადგილზე მიიყვანეს პოლიცია და საპატიო ყარაულით მოაწყვეს დერეფანი, დემონსტრანტები კი იძულებით გაწიეს.

„ესენი არიან ადამიანები [9 აპრილს დაღუპულები], რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამას. ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც ყველას ყველაფერი გვიღირს...

ესენი არიან ადამიანები [ხელისუფლება], რომლებიც საქართველოს ყიდიან... ეს მემორიალია ის, სადაც ვერ უნდა მოვიდნენ და ვერ უნდა მიდიოდნენ. ნათელია, რამდენი პოლიციელი სჭირდებათ აქ მისასვლელად“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებზე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა მემორიალთან.

დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.

დილიდან მემორიალს ყვავილებით ამკობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები:

  • აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი;
  • ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი;
  • ესტონეთის, პოლონეთისა და ლატვიის საელჩოების წარმომადგენლები.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.

დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.

ამავე დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG