პოლონეთის პროკურატურა დაკავებულების მოქალაქეობის შესახებ არ წერს. უწყების ინფორმაციით, პოზნანში 4 აპრილს საქმე აღიძრა ბავშვის ტრავმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ტვინის ჰემატომებისა და თავის ქალის მოტეხილობის გამო.
ორი კაცი - ალექსანდრ ს. და ვლადისლავ მ. - ბავშვის მამასთან, ნაზგური კ.-სთან ერთად უვლიდა ბავშვს, დედის არყოფნის პირობებში. მათ ბრალად ედებათ ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა და დახმარების აღმოუჩენლობა, მაშინ როცა მიყენებული ტრავმები ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო.
პოლონეთის პროკურატურის თანახმად, თამარ კ.-მ 2 აპრილს მიმართა პოზნანის ველიკოპოლსკის პედიატრიულ ცენტს. ის კლინიკაში 5 თვის ბავშვთან და მეგობარ ალექსანდრ ს.-სთან ერთად მივიდა. დედის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, ის ტრავმების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავდა.
გამოკვლევის შემდეგ ჩვილს თავის ქალის მოტეხილობა და თავის ტვინის ქრონიკული დაზიანება დაუდგინდა.
ექიმების განცხადებით, ტრავმები არ შეიძლებოდა გამოეწვია ერთჯერად დაცემას და გამოწვეული იყო მესამე პირების ზემოქმედებით, სულ ცოტა, რამდენიმე დღის განმავლობაში.
ბავშვი პოზნანის კაროლ იონშერის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 8 აპრილს გარდაიცვალა.
დედა და მისი თანმხლები კაცი დააკავეს. დააკავეს ასევე კიდევ ერთი კაცი, ვლადისლავ. მ. ბავშვის მამის დაკავება ვერ მოხერხდა, უცნობია მისი ადგილსამყოფელი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის შეფასებით, კლინიკაში მოთავსებისას ბავშვს სერიოზული ფიზიკური დაზიანება ჰქონდა, რაც მის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნიდა. მისი განცხადებითვე, დაზიანებები, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ბავშვის ძლიერი რყევის და თავში მყარი საგნის დარტყმის ან იატაკზე დაცემის შედეგად.
პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
პოლიცია ეძებს საქმეში ეჭვმიტანილ მამას, ნაზგური კ-ს.
9 აპრილს ჩატარებულმა გაკვეთამ ბავშვის სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინა. ექსპერტი წერილობითი დასკვნის გამოქვეყნებას დამატებითი ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევების და ჩვილის სრული სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდეგ შეძლებს, ნათქვამია პოლონეთის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს პატიმრობას 5 წლიდან უვადოდ.
ფორუმი