უწყების ინფორმაციით, ბრონიკი და უგუროვი სოხუმში პირადი ავტომობილით ჩავიდნენ:
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში შესასვლელთან გაჩერებისას, მოქალაქე ბრონიკი საკუთარ შვილს, უგუროვს, ფოტოს უღებდა ქართული დროშით“.
უწყებამ გაავრცელა რუსეთის მოქალაქეების დაკითხვის კადრები. ვიდეოში ბრონიკი ამბობს, რომ 1993 წლამდე აფხაზეთში ცხოვრობდა. 17 წლის უგუროვი კი ჰყვება, რომ ბიძისა და დეიდის მონახულებას გეგმავდა.
„სოხუმთან მიახლოებისას დაუფიქრებლად გადავიღე ფოტო ქართული დროშით ქალაქის სახელწოდების დაფის ფონზე. გამვლელებმა ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს“, - აღნიშნა მან.
ქალის თქმით, მალევე მათი ავტომობილი სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გააჩერეს და „სთხოვეს გაჰყოლოდნენ“.
ვიდეოში ბრონიკი და უგუროვი ბოდიშს იხდიან და აცხადებენ, რომ „არანაირად არ სურდათ აფხაზი ხალხის შეურაცხყოფა“, „მისი ეროვნული გრძნობების შელახვა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება“.
დე ფაქტო სუსის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა აფხაზეთი „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ“, უწყების თანამშრომლების თანხლებით დატოვეს.
აფხაზეთში მსგავსი ინციდენტები წარსულშიც დაფიქსირებულა. კერძოდ, 2025 წელს ოკუპირებული რეგიონიდან გააძევეს რუსეთის მოქალაქე ოთარ კობახიძე, რომელმაც ქალიშვილთან ერთად სოხუმი მოინახულა და ვიდეოში განაცხადა, რომ „33 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა“.
2024 წელს რუსმა ბიზნესმენმა ერასტი ბუკიამ მოინახულა სოფელი განთიადი, სადაც ომამდე ცხოვრობდა. მან განაცხადა, რომ იქ დაბრუნდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, რის შემდეგაც იგი ასევე გააძევეს „ფსოუს“ პუნქტის გავლით.
არაერთხელ რეზონანსი გამოუწვევია აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოებსაც.
ფორუმი